"ცხოველთა პრობლემები არ არის მხოლოდ ჩვენს ქალაქში"

2022-01-07 18:18:48

"ცხოველთა პრობლემები არ არის მხოლოდ ჩვენს ქალაქში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემაა",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" გადაცემაში მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ავტორს აინტერესებდა, როდის მოგვარდება ქუჩაში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რომელთა ნაწილი ზოგჯერ აგრესიულიცაა და საფრთხეს უქმნის ბავშვებს.

ქალაქის მერის თქმით, ეს პრობლემა მუნიციპალიტეტების ურთიერთთანამშრომლობით უნდა მოგვარდეს, რადგან ძაღლების შემოდინება რუსთავში სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან ხდება.

"აუცილებელია ცხოველების უფლებების დაცვა, მაგრამ უპირატესია ადამიანების უფლებები, მათ შორის მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვების, რომლებიც ეზოში თამაშობენ და აბსოლუტურად დაუცველები არიან.

ყველა დამეთანხმებით, რომ უპირატესია ადამიანის უფლებები დავიცვათ ჯერ და შემდეგ ცხოველების.

საკითხი დგას ასე, ცხოველთა პრობლემები არ არის მხოლოდ ჩვენს ქალაქში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც წლები სჭირდება მოგვარებისთვის. თუ ჩვენ რუსთავის აგლომერაციაში, ჩვენს სამეზობლოში რომელი დასახლებებიც და ქალაქებიც არის, არ გავერთიანდებით ძალიან დიდია მიგრაცია, იგივე გარდაბნიდან, თბილისიდან, მიმდებარე სოფლებიდან. აუცილებელია, როდესაც ცხოველთა თავშესაფარზე ვსაუბრობთ, ვერ იქნება ეფექტიანი თუ სხვა ქალაქებთან ერთად არ შევამხანაგდით და ინტერმუნიციპალური სერვისი არ ჩამოვაყალიბეთ. რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ქალაქის მიმდებარედ სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების პრობლემა ერთიანად მოვაგვაროთ. ჩვენ რომ მოვაგვაროთ და გვქონდეს ძალიან კარგად აწყობილი სერვისი, გვქონდეს ყველა შესაბამისი ნორმა, რომლითაც ასევე ცხოველთა უფლებებს დავიცავთ, აუცილებლად იქნება მეზობელი ქალაქებიდან შემოდინება ძაღლების. გორის მაგალითია კარგი, გაკეთდა ინტერმუნიციპალური სერვისი. ჩვენც ვმუშაობთ, რომ გარდაბანთან და რამდენიმე ჩვენი რეგიონის ქალაქთან ერთად შევძლოთ ინტერმუნიიციპალური სერვისის ჩამოყალიბება.

სანამ ეს ყველაფერი იქნება, აუცილებლად მუნიციპალური სერვისი იქნება ააიპ "ცხოველთა მონიტორინგის სამსახური" მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული და ასევე დაიცვან ცხოველთა უფლებები",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები