UNESCO-ს მიერ ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშქარავაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას ავრცელებს, რომელიც, უწყების ცნობით, ჯერ კიდევ 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს, თუმცა ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა.
"გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)" - წერია დოკუმენტში.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავას გვამს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ დაზიანებები არ არის კავშირში დამდგარ შედეგთან.
"გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედები) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედაყბის ძვალი) თვალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლაჟღენთები და ნაჭდევები. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით - თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო. თვალის კაკლის კომოციო, დაზიანებები ხადაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სტაციონარში მოთავსების თარიღს (2021 წლის 05 ივლისს)
დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - ვკითხულობთ დასკვნაში.