"არის ძალიან ძველი ააიპ-ები, რომლებიც არ ფუნქიციონირებს"

2021-01-04 20:17:29

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშში გამოაქვეყნა, რომელიც 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ების) მართვას ეხება.

ანგარიშში საუბარია, რომ 21 მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავშიც, დაფუძნებულია ისეთი ა(ა)იპ-ები, რომლების საქმიანობის სფეროც, მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება და სხვაგან ანალოგიური ფუნქციების ორგანიზაციები არ არის შექმნილი. ასევე, მუნიციპალიტეტების მხრიდან არ არის დასაბუთებული აღნიშნული ორგანიზაციების შექმნის ობიექტური აუცილებლობა.

აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი გაანალიზებს აუდიტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, რუსთავში არის ძველი ააიპ-ები, რომლებიც არ ფუნქციონირებს.

"გავეცანი აუდიტის დასკვნას. თითქმის ანალოგიურია ყველა მუნიციპალიტეტში ააიპ-ებთან დაკავშირებით რეკომენდაციები. გარკვეული რეკომენდაციები შეიძლება ჩვენთვისაც მისაღები იყო, მას სამსახურებთან ერთად გავივლით, გავაანალიზებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აუდიტის მითითებები, ან გამოვლენილი მიგნებები გავითვალისწინოთ მუნიციპალიტეტში. არის ძალიან ძველი ააიპ-ები, რომლებიდანაც ზოგი არ ფუნქიციონირებს და დატვირთულიც არ არის. ამიტომ გადავხედავთ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ლაცაბიძემ.

კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა რომელიმე ააიპ-ის გაუქმება, რუსთავის მერი პასუხობს, რომ წინასწარ არაფრის თქმა არ შეუძლია და საჭიროა აუდიტის ანგარიშის მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად გაანალიზება და უფრო დეტალური შესწავლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები