ახალი წლის დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალგაზრდა კაცმა ტყუპისცალი ძმა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაწყებული კონფლიქტის გამო მოკლა.
32 წლის კაცს ძმამ სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით, კერძოდ დანით მიაყენა.
როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა განუცხადა, ძმებს შორის იქამდე არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ახალი წლის ღამეს დაპირისპირება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ძმებს შორის დაიწყო.
ახალგაზრდა კაცი კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით "გორმედის" კლინიკაში შეიყვანეს. დაჭრილს აღენიშნებოდა რამდენიმე დაზიანება, მათ შორის ღვიძლის გამჭოლი ჭრილობა და 3 ლიტრამდე ოდენობის სისხლის დანაკარგი, პაციენტი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების შემდგომ კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მსვლელობისას რამდენჯერმე კვლავ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.