“ყალბი დიაგნოზითაა გამოწერილი”

2021-12-30 13:55:38

მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზითაა გამოწერილი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მან სააკაშვილი მოინახულა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის საშუალებით გადაადგილდება.

მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია. კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ხვალ იქნება განცხადება. სუსტად არის, ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა. ახლა, შეხვედრისას ჩამოსაყვანი უნდა გახდეს და ასაყვანი, რაც, ჩემი აზრით, მძიმეა.
იკვეთება, რომ ადამიანი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. ვნახე ფორმა 100. შემიძლია გითხრათ, რომ ორივე, 27 და 30 დეკემბრის დიაგნოზი ყალბია. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამოღებულია
“,- განმარტავს გვარამია.

მისივე თქმით, სააკაშვილი გამოჯანმრთელებული არ არის, პირიქით, უარესადაა.

მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგივე წონით დაბრუნდა, რითაც გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. რეფიდინგით მისი აღდგენა არ მოხდა. არც წონის მატება აქვს. წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რა მდგომარეობაშიც გორში იმყოფებოდა, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს“,- აღნიშნავს გვარამია.

ცნობისთვის, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.