საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადმოიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ის წევრი გიორგი ჩალაძე ავრცელებს და რუსთავის ციხეში პენიტენციური სამსახურის ესკორტის შესვლის კადრებს აქვეყნებს.
სააკაშვილის დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მისი ნების საპირისპიროდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე მოხდა.
სააკაშვილის გორის ციხიდან გადაყვანის შესახებ თავდაპირველად მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დაწერა. პენიტენციური სამსახურს ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს საპოლიციო ძალებმა, რომლებიც ადგილზე სააკაშვილის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ პატრულირებდნენ.
როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება სცადა. სააკაშვილის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მეორე დღეს განაცხადა, რომ მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ, თუმცა მსჯავრდებული არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას, აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების თაობაზე.