რა მისწრეს მოქალაქეებმა რუსთავის საკრებულოსა და მერიას

2021-12-29 18:15:56

რუსთავში განთავსებული საფოსტო ყუთები - "შენი ხმა ქალაქს", დღეს გაიხსნა.

საფოსტო ყუთები პროექტის ინიციატორმა, რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა, ამირან ჯანჯღავამ, საკრებულოს კიდევ ერთ წევრთან, ლელა ლუარსაბიშვილთან ერთად გახსნა.

დეპუტატები გზავნილების ნაწილს ადგილზე გაეცნენ.

როგორც ამირან ჯანჯღავამ აღნიშნა, აუცილებლად გაეწევა ლობირება, რომ რაციონალური იდეები და მოთხოვნები შესაბამის სამსახურებამდე მივიდეს.

"გამიხარდა, თქვენც ნახეთ, რომ საკმაოდ ბევრი წერილია, რომელსაც ინდივიდუალურად სოციალურ ქსელშიც ავტვირთავ შესაბამის გვერდზე. ყოველი თვის ბოლოს ჩვენ გავხსნით ამ საფოსტო ყუთს და შესაბამის სამსახურებთან, საკრებულოს სხდომებზე, ქალაქის მერთან მივიტანთ. ანუ ყველა წერილს, რომელიც გონივრული და რაციონალური იქნება, გავუწევთ ლობირებას, რომ მივიდეს შესაბამის ორგანოებთან.

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კამერების დაყენებას ითხოვენ სკვერებში იმიტომ, რომ ვანდალიზმის ბევრი ფაქტია და მეც ვეთანხმები, ვფიქრობ, რომ საჭიროა.

იყო ასევე ერთ-ერთი იდეა, რომ ხელნაკეთი ნივთებისთვის სივრცე გამოიყოს და ჰქონდეთ საშუალება ღია ცის ქვეშ თავიანთი პროდუქტი გამოიტანონ და გაყიდონ.

ასევე იყო იდეა, რომ ზღაპრების ფესტივალი, კონკურსი შეიქმნას და გამოიცეს ზღაპრები", - აცხადებს ჯანჯღავა.

საფოსტო ყუთები მეგობრობის, შარტავასა და კოსტავას გამზირებზეა განთავსებული.

ინიციატივის ფარგლებში, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მერიასა და საკრებულოში მისვლის გარეშე,  საკუთარი პოზიცია ან იდეა დააფიქსიროს წერილობითი სახით და ხმა მიაწვდინოს  ქალაქის ხელმძღვანელობას.

ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის "ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)ორგანიზებით.