2022 წლიდან რუსთავის მერია "რუსთავსერვის ცენტრის" დასუფთავების სამსახურის რეფორმას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრეზენტაცია გამართა ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
რეფორმის პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტმა 7 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა შეიძინა, რაც ლაცაბიძის თქმით, სამსახურს პირველად მისცემს საშუალებას, მთელს ქალაქს მოემსახუროს.
"პირველად რუსთავსერვის ცენტრი სრულად შეძლებს როგორც ძველი რუსთავის, ისე ახალი რუსთავის მომსახურებას. 7 ერთეული თანამედროვე ევროპული ტიპის სპეც. ტექნიკით, ჩვენ შევძლებთ, რომ ქალაქი იყოს უფრო დასუფთავებული და მოვლილი", - განაცხადა ლაცაბიძემ.
მისივე თქმით, 2022 წლიდან ხელფასები ეზრდებათ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს.
"რაც ყველაზე მთავარია, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების მოტივაციაზე. მათ პირველი იანვრიდან მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ხელფასები", - აღნიშნა ქალაქის მერმა.
პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან რუსთავში ნარჩენების სეპარირების პროექტის განხორციელებაც დაიწყება და პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ახალ რეკრეაციულ სივრცეებში, ნარჩენების სეპარირებისთვის საჭირო კონტეინერები განთავსდება. ასევე, ახალი წლიდან სამსახურის ყველა თანამშრომელი ბრენდირებული უნიფორმით იქნება აღჭურვილი.
რეფორმის ფარგლებში, რუსთავის ქუჩები მომავალი წლიდან სველი მეთოდითაც დასუფთავდება.