"მზად ვარ შევხვდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს"

2021-12-18 16:41:35

"მზად ვარ შევხვდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და უფრო დეტალურად ავუხსნა მათ, რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი, როგორ შეიძლება უფრო ჩიხში შევიდეს ეს ყველაფერი თუ საკრებულო ძალიან სწრაფად არ დაიწყებს გამართულ მუშაობას",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამართულად მუშაობდეს როგორც აღმასრულებელი, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოც.

ლაცაბიძის განმარტებით, რადგან აღმასრულებელ ორგანოში ქართული ოცნებაა წარმოდგენილი, ლოგიკურია, რომ წარმომადგენლობითში თავმჯდომარედ სწორედ მათი პარტიის კანდიდატი აირჩიონ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხვა რიგი საკვანძო თანამდებობები დაიკავონ.

"გვაქვს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, ვახორციელებთ პროექტებს მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება საკრებულოს მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ დღეს საკრებულოს არ აქვს გააზრებული ბოლომდე, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის გამართული მუშაობა როგორც აღმასრულებელ, ასევე წარმომადგენლობით ორგანოში. იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმება მოხდება, ეს არის ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი და იმედი მაქვს მხარს დაუჭერენ და ლოგიკურიცაა, როდესაც  აღმასრულებელ ნაწილში ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობები გვაქვს აღებული, საკრებულოს თავმჯდომარეც ძალიან ღირსეული კანდიდატია ქართული ოცნებიდან წარმოდგენილი, თუმცა იქვე არის გარკვეული თანამდებობები, მოადგილის, რომელიც შეიძლება ოპოზიციამ დაიკავოს, თუ ამის სურვილი ექნებათ.

არც მე და არც გუნდს არავისთან არაა აქვს მოლაპარაკება. როგორც რუსთავის მერი, ღიად მზად ვარ შევხვდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და უფრო დეტალურად ავუხსნა მათ, რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი, როგორ შეიძლება უფრო ჩიხში შევიდეს ეს ყველაფერი თუ საკრებულო ძალიან სწრაფად არ დაიწყებს გამართულ მუშაობას.

იქიდან გამომდინარე, რომ აღმასრულებლობით ნაწილში პასუხისმგებლობა აქვს ქართულ ოცნებას აღებული, ვფიქრობ, ძალიან სწორი იქნება საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიონ ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი. აქვე ვამბობ, რუსთავის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ საკრებულო არ ყოფილიყო ერთპარტიული, შესაბამისად, გარკვეულ თანამდებობებზე, როგორც საკრებულო გადაწყვეტს, ოპოზიციის წევრები იყვნენ წარმოდგენილები",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულო, რომელშიც სამი სხვადასხვა პარტიაა წარმოდგენილი, პირველად 3 დეკემბერს შეიკრიბა, თუმცა საერთო კოსესუსის არ არსებობის გამო პირველივე სხდომაზე თავმჯდომარის არჩევა ვერ მოახერხეს. ორი კვირაა გასული სხდომიდან და ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება შემდეგი სხდომა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები