სეზონური გრიპის შემთხვევები რუსთავში

2021-12-14 14:16:28

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში სეზონური ვირუსული ინფექციების გამო პაციენტთა მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით იკლო, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 8 პაციენტია მოთავსებული.

როგორც ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პიკურმა ტალღამ გადაიარა.

"ნოემბრის მეორე ნახევრიდან წამოვიდა სეზონური რესპირაციული ვირუსული ინფექციები. ჩვენთან იდენტიფიცირება ვირუსის არ ხდება, მაგრამ კლინიკური სურათით, ცირკულირებს როგორც გრიპის, ასევე ადენოვირუსი, რინოვირუსი და სინსიტიალური რესპირატორული ვირუსი. განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში იყო ფილტვის ანთება და ბრონხიოლიტის დიაგნოზი. უკვე შემცირდა მომართვიანობა, ტალღამ გადაიარა სულ რამდენიმე დღეა. ამ ეტაპზე ჩვენთან 8 პაციენტი წევს და გვყავდა 23 პაციენტი", - განაცხადა მარინა აბულაშვილმა.

აბულაშვილი მშობლებს გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართავს.

"მაღალი ცხელება ერთ-ერთია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ტემპერატურული რეაქცია არ იყოს, მაგრამ  ჩვილებში გამოვლინდეს განსაკუთრებით ძლიერ შემაწუხებელი სპაზმური ხველა, ასევე სიმპტომია სუნთქვის გაძნელება, ასეთ შემთხვევებში უნდა მიმართონ სტაციონარს", - აცხადებს ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები