რუსთავში ნარჩენების უკანონო დაყრაზე 1 პირი დააჯარიმეს

2021-12-13 14:48:17

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

საუბარია ქალაქის მასშტაბით, უფრო კონკრეტულად კი, რაგბის სტადიონის მიმდებარედ და ბათუმის ქუჩაზე სამშენებლო ნარჩენების უნებართვოდ განთავსების ფაქტებზე.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბაჩო ხაჩიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მონიტორინგის ჯგუფი ქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს კონტროლს.

"დაწყებულია შესწავლა. ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურად მოძრაობს, ხდება კონტროლირება იმ წერტილებში, სადაც ძირითადად ქალაქში ნაგავი თავსდება. პატარა ავტომობილითაც რომ იყოს მოსახლე და ტომრებით ჰქონდეს სარემონტო ნაგავი გატანილი, მაგასაც დავაჯარიმებთ აუცილებლად", - განაცხადა ხაჩიძემ.

ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, უკვე დაჯარიმდა ფიზიკური პირი 200 ლარის ოდენობით, რომელმაც ბოსტანქალაქის ქუჩაზე არსებულ სტადიონზე სამშენებლო ნარჩენები დაყარა. მას ტერიტორიიდან ნარჩენების გატანაც დაევალა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები