სამშენებლო ნარჩენების უნებართვოდ დაყრის ფაქტები რუსთავში [photo]

2021-12-07 19:04:08

"ინფო რუსთავმა" რუსთავში სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტები გადაიღო.

საინფორმაციო სააგენტოს ბათუმის ქუჩის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენი ყრია.

ადგილობრივების თქმით, სხვადასხვა სამსახურს მისი გატანის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში, ტერიტორიაზე თავად მოქალაქეებიც ამატებენ როგორც სამშენებლო, ისე საყოფაცხოვრებო ნარჩენს, რისი კონტროლიც ჯეროვნად არ ხდება.

სამშენებლო ნაჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტები გადავიღეთ მე-12 მიკრორაიონშიც, რაგბის სტადიონის მიმდებარედ.

მოქალქეების თქმით, აღნიშნული ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული. იქ სამშენებლო ნარჩენების გადამზიდი ათობით ავტომობილი ყოველდღიურად იცლება. ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის ნარჩენებს სამშენებლო კომპანიები, თუმცა ზოგჯერ ადგილობრივებიც ყრიან.

თემასთან დაკავშირებით მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, ბაჩო ხაჩიძეს დავუკავშირდით.

ხაჩიძემ დაგვიდასტურა, რომ ქალაქში უნებართვოდ სამშენებლო ნარჩენების განთავსების ფაქტები ნამდვილად ფიქსირდება.

"პირველი იანვრიდან დადგება ფოტო ხაფანგები და გამოიწერება ჯარიმა უკანონო დაყრაზე. სადაც დავინახავთ, რომ შევა ავტომობილი, აბსოლუტურად ყველა დაჯარიმდება უკანონოდ ნაგვის ყრაზე. უკვე გაცემული გვაქვს მითითებები, რომ გარკვეული ტერიტორიებიდან მოხდეს ნაგვის გატანა. მოვახდენთ რეაგირებას ბათუმის ქუჩაზეც", - განაცხადა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვა კანონით რეგულირდება.

სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური პირი 200 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, სამშენებლო ნარჩენი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები