ხმაური კლინიკა რუსთავთან [video]

2021-12-12 12:50:51

რუსთავში კლინიკა "რუსთავთან" ხმაური იყო.

სამედიცინო დაწესებულებასთან კორონავირუსით გარდაცვლილი ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალი ინფიცირებულ პაციენტებს უყურადღებოდ ექცევა და მათ მედიკამენტს დროულად არ აწვდიან.

"ყველას მოვუწოდებ, ვისაც გიწევთ ოჯახის წევრი კლინიკა რუსთავში, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სხვადასხვა კლინიკაში, რადგან აქ არის სასაკლაო. დაახლოებით ერთი კვირის წინ გავასვენეთ პაპა, რომელიც აქ შემოვიდა თავისი ფეხით. დღეს კი დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბებოც დაიღუპა. პაციენტი, რომელსაც არანაირი გართულება არ ჰქონია შესვლის დღიდან, უბრალოდ ფილტვის 14 ქულიანი დაზიანება უფიქსირდებოდა, უყურადღებობისა და მედიკამენტების არმიწოდების გამო გარდაიცვალა.

სამედიცინო პერსონალს ფიზიკურად ვერ ვუკავშირდებოდით, რადგან 2-დან 4 საათამდე გათიშული ჰქონდათ ხოლმე ტელეფონი. როცა ვურეკავდით, ფიზიკურად არ გვპასუხობდა არავინ",- აცხადებს გარდაცვლილის შვილიშვილი.

საინფორმაციო სააგენტო დაუკავშირდა კლინიკა "რუსთავსაც", სადაც ამბობენ, რომ პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა და უარყოფენ, რომ ინფიცირებულის ოჯახის წევრებს მედპოსრონალთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდათ.

"აღნიშნულმა პაციენტმა ჩვენ კლინიკას 22 ნოემბერს მომმართა. მას იმავე დღესვე ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა,  მათ შორის გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.
ჩვენ მიერ გაეწია მას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, თუმცა სამწუხაროდ მისი მდგომარეობა კვლავ რჩებოდა მძიმე.

ოჯახის წევრების თანხმობის შემდეგ, ქალბატონი რამდენიმე დღის წინ გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე... აქვე აღსანიშნავია, რომ  მკურნალ ექიმს მუდმივად ჰქონდა პაციენტის ოჯახის წევრთან კონტაქტი და ერთ-ერთ ოჯახის წევრს, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება, დართეს ნება პირადად ენახა პაციენტი რეანიმაციულ  განყოფილებაში. რისი დამოწმებაც შეგვიძლია ვიდეოკამერების ჩანაწერებითაც.

სიუჟეტში გაჟღერდა ასევე რომ კლინიკამ უარი განაცხადა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. არცერთი მისი ოჯახის წევრის მხრიდან არ ყოფილა დაყენებული ეს საკითხი და თუ ოჯახს სურს პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ჩვენი კლინიკა უარს არასდროს ამბობს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ვიზიარებთ სიუჟეტში გაჟღერებულ პოზიციას.
ჩვენ არგუმენტებს ამყარებს, კოვიდ განყოფილების გახსნიდან  "კლინიკა რუსთავში" გამოჯანმრთელებული პაციენტების სიმრავლეც და მათი დადებითი შეფასებები, რომელსაც მუდმივად გვიზიარებენ, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯაროდ
",- აცხადებენ კლინიკა "რუსთავში"

სამედიცინო დაწესებულებასთან მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები