რუსთავის საკრებულო თავმჯდომარის გარეშე

2021-12-09 18:33:41

რუსთავის ახალი მოწვევის საკრებულოს ჯერ-ჯერობით თავმჯდომარე არ ჰყავს. სავარაუდოდ, მომდევნო სხდომა ორშაბათს, 13 დეკემბერს ჩაინიშნება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, მოხერხდება თუ არა შეთანხმება მხარეებს შორის.

როგორც იცით, პირველ სხდომაზე ენმ-მ მოლაპარაკება შესთავაზა გახარიას პარტიას და გარკვეული პირობების სანაცვლოდ, მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული პოლიტიკური ძალის მიერ დაყენებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის, ნოდარ შეროზიასთვის მხარი დაეჭირა, რაზეც გახარიას პარტიის პოზიცია იყო, რომ ისინი "არავისთან აპირებენ ინდივიდუალური კონსულტაციების წარმოებას".

რა შეიცვალა 7 დღეში, დაიძრა თუ არა მოლაპარაკებები და არსებობს თუ არა გამოსავალი ჩიხიდან, რომელშიც რუსთავის მუნიციპალიტეტი შევიდა?

თემასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რუსთავის საკრებულოს წევრს, ალექსანდრე ბერიძეს დავუკავშირდით. ბერიძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია იდენტურია იმ განცხადებისა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ გუშინ გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ გახარიას პარტიის კანდიდატებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებში საკვანძო პოზიციები ოპოზიციონერ დეპუტატებს ეკავოთ, რადგანაც ასე თვლის საჭიროდ ამ ქალაქების მოსახლეობის დიდი ნაწილი.

"პრაგმატულია და მისაღებია, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ. იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო თავისი პოზიციებით იყოს დაკავებული ოპოზიციური პარტიების დეპუტატების მიერ. ის, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი და ხმათა უმრავლესობით არის ოპოზიცია წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი, ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერებს, იმიტომ, რომ ასე ჩათვალა ამ ქალაქებში მაცხოვრებელმა ადამიანებმა საჭიროდ.

მეორე, ყველა ის პოზიტიური პროგრამა, რომელიც გვქონდა ოპოზიციურ პარტიებს შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების საჭიროებებს. ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

რას ფიქრობს შეთავაზებასთან დაკავშირებით "გახარია-საქართველოსთვის"? მათი პოზიციის გასაგებად პარტიიდან რუსთავის საკრებულოს წევრს, ნათია შელეგიას დავუკავშირდით.

მისი თქმით, "საქართველოსთვის" არ აპირებს არცერთ მხარესთან შესვლას სისტემურ კოალიციაში, თუმცა პარტიის პოზიციაა, რომ რადგანაც საკრებულო არის ოპოზიციური, ლოგიკურია, ის დაკომპლექტებული იყოს მეტად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით.

"იმ საკრებულოებში, სადაც მეტმა ამომრჩეველმა მისცა ოპოზიციას ხმა, საკრებულოები ლოგიკურად უნდა დაკომპლექტდეს მეტად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმ ამომრჩევლების ინტერესები, რომლებმაც ოცნებას მისცეს ხმა, არ უნდა იყოს გათვალისწინებული.

ცალსახად შეთანხმებებს არ ვაწარმოებთ არცერთ მხარესთან. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იქნება დაბალანსებული. ჩვენ რომ სრულად ვეთანხმებოდეთ და ვიზიარებდეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას და მის პროგრამას, მაშინ არ ვიქნებოდით პარტია საქართველოსთვის და ვიქნებოდით პარტია ნაციონალური მოძრაობა. შესაბამისად, ჩვენ არც ერთი არ ვიქნებით და არც მეორე, მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, სრულად არ ვითანამშრომლებთ არც ერთ მხარესთან", - განაცხადა ნათია შელეგიამ.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, სენაკსა და წალენჯიხში, საკრებულოს პირველ სხდომებზე თავმჯდომარეების არჩევა ვერ მოხერხდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები