სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვებით უზრუნველყოფისთვის რომელიც ქალაქის მასშტაბით 1700 ბენეფიციარზეა გათვლილი ტენდერი 900 000 ლარის ღირებულებაზე უკვე გამოცხადდა. ტენდერის პირობების მიხედვით კომპანიამ უზრუნველყოფა უნდა გააკეთოს რომ რუსთავში სულ 4 (ჭყონდიდელის დასახლებაში 1, მარცხენა სანაპიროს მაცხოვრებლებს 1, ხოლო მარჯვენა სანაპიროს სოციალურად დაუცველებს 2) სასადილოს მეშვეობით მოემსახუროს. თვითმმართველობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ქირიას თქმით - „ჩატარდა გამოკითხვა თუ რა კერძებს ისურვებდნენ ბენეფიციარები. ამის შემდეგ მომზადდა განსხვავებული მენიუ, ყოველდღე იქნება სხვადასხვა შეთავაზება. მენიუ შეიცვლება სეზონურად და დაემატა სადღესასწაულო კერძები და ნობათი“. ტენდერის პირობებში ასევე ვკითხულობთ რომ დღიური რაციონის ენერგეტიკულობა თითოეულ პირზე არ უნდა იყოს 900 კკალ - ზე ნაკლები. გამარჯვებული კომპანია რომელიც სოციალურად დაუცველებს 2017 წლის 1 იანვრიდან მოემსახურეა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე გამოვლინდება. ამ პირობებით თუ ვიმსჯელებთ თითო პირზე ბიუჯეტიდან მთელი წლის მანძილზე 530 ლარი გამოიყო, რაც დღეში 1.45 ლარს შეადგენს, იმ შემთხვევაში თუ კომპანიებმა ფასი დაწიეს შესაბამისად დაიწევა თითო ბენეფიციარის კვების საფასურიც, თუმცა რა თქმა უნდა ღირებულება კვების ხარისხზე და მომსახურებაზე არ უნდა აისახოს. აღნიშნული პუნქტები სწორედ ხელშეკრულებით არის დარეგულირებული, ხოლო თუ მოთხოვნები არ შეუსრულდება კომპანიის მიმართ ფინანსური სანქციები განხორციელდება.
კომპანიის მიმართ რომელიც მიმდინარე წელს ემსახურება სოციალურად დაუცველებს პრეტენზიები მუდმივად არსებობდა. თვითმმართველობაში არაერთხელ განაცხადეს რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილოები არიან, გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამ საკითხებს შეეწირა მერიის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსის დავით ჩაჩხიანის თანამდებობა. ახალი ხელმძღვანელი ნინო ქვირია კი ფიქრობს რომ ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გასაკონტროლებლად ახალი ხელშეკრულების მიხედვით მეტი ბერკეტი იქნება და მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნება.