"ყველა მუნიციპალიტეტი არის მოწოდების სიმაღლეზე" [video]

2021-12-08 15:06:19

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. [ვიდეო/video]

სხდომაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაწუნება არ მომხადრა, პირველმა პირებმა რწმუნებულისგან მცირე მითითებები მიიღეს და კენჭისყრის შედეგად, დამტკიცდა პროექტები, რომელიც შემდგომი განხილვისა და დაფინანსების მოპოვების მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

როგორც გიორგი დოხტურიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე აქტიურ მონიტორინგს მოახდენს.

"ინფო რუსთავმა" დოხტურიშვილს ჰკითხა, რომელმა მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფილი ნუსხა და რომელმა ვერა, რაზეც სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტი დგას მოწოდების სიმაღლეზე.

"შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ხორციელდება ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც აქტიურად გავუწევთ ადმინისტრაცია მონიტორინგს და ყველა ამ პროცესში ჩართული ვიქნებით, რათა სწორად განვითარდეს, ურბანულად გამართული იყოს და მიზნობრივად დაიხარჯოს ეს თანხები.

ვერ გამოვყოფ ცალსახად ვერცერთ მუნიციპალიტეტს, რომელი უკეთესი იყო და რომელი მოიკოჭლებდა. მიდგომა არის ერთიანი, ყველა მუნიციპალიტეტი არის მოწოდების სიმაღლეზე.

ქვემო ქართლში ყველა პროექტი, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება, იქნება ორიენტირებული, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე და ურბანულ გამართულობაზე", - განაცხადა დოხტურიშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულს "ინფო რუსთავმა" ჰკითხა, რა ვითარებაა მუნიციპალიტეტებში 2021 წლის ბიუჯეტის თანხების ათვისებასთან დაკავშირებით, რაზეც დოხტურიშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით პრობლემის წარმოქმნას არცერთ მუნიციპალიტეტში არ ელოდება.

"თანხების ათვისება ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ნორმალურად, 90 პროცენტს შესრულების ნაწილში ყველა გადაცილებულია", - განაცხადა დოხტურიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავში შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება:

მე-8 მიკრორაიონში N12-ის მიმდებარედ სკვრის მოწყობა;

მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის არსებული სკვერების მოწყობა;

კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულის სკვერის რეაბილიტაცია და მედიათეკის მშენებლობა;

რუსთაველის ქუჩაზე არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია;

ჯავახიშვილილის ქუჩა N1, ნესტორ გიორგაძის N2, თბილისის ქუჩა N26-ის კორპუსები გამაგრება-რეაბილიტაცია და ჩაპაევის N5, რჩეულიშვილის N2 სახლების ფასადების რეაბილიტაცია;

9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩების გზის ტროტუარების და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია;

ნეკრასოვისა და სამშვილდის ქუჩებზე ასფალტის ბეტონის მოწყობა;

ჰამლეტ გონაშვილის, გოგი დოლიძის, ჩოხელის ქუჩის მიმდებარედ გზის მოწყობა;

სამგორის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა და მცხეთის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა;

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები