რუსთავში ბანკებს სპეცრაზმის ეკიპაჟები იცავს [photo]

2021-12-08 00:55:18

რუსთავში ბანკებს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები იცავენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის", შარტავას გამზირის, თოდრიასა და მეგობრობისა ქუჩაზე არსებულ ფილიალებთან სამართალდამცავთა ეკიპაჟები რამდენიმე დღეა დგანან.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში ჯერ-ჯერობით კომენტარს აკეთებენ. ასევე დავუკავშირდით "საქართველოს ბანკსაც", სადაც აცხადებენ, რომ ბანკების მიმდებარედ სამართალდამცავთა ეკიპაჟების განთავსება მათი ინიციატივით არ მომხდარა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მეგობრობის ქუჩაზე არსებულ "საქართველოს ბანკის" ფილიალის შენობაზე რუსთაველმა აქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ საპროტესტო პერფომანსის ფარგლებში წარწერები "იყიდეთ ბიტკოინი", "დროა, გადავიდეთ გეგმა ბ-ზე", "ლარი კუპონია" და "ინფლაცია საშინელებაა" გააკეთა.

მუსერიძის განცხადებით, ამ პერფომანსის მიზანი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ეროვნული ვალუტა ბოლო წლების განმავლობაში ინფლაციას განიცდის და დროა ეროვნული ვალუტა კრიპტოვალუტა, კონკრეტულად ბიტკოინი გახდეს.

"ეროვნული ბანკის რეგულაციების პოლიტიკა არის ძალიან მძიმე საზოგადოებისთვის. ქვეყანაში ლარი განიცდის ინფლაციას, ფასები არის მაღალი და ეს იყო პროტესტი, რომ ჩვენს ქვეყანას, მათს შორის კომერციულ ბანკებს, მივუთითებ, მეტი ჩართულობა და ზეწოლა ჰქონდეს ეროვნულ ბანკზე, რომ საბოლოო ჯამში გადავიდეთ კრიპტოვალუტაზე, ბიტკოინი გახდეს ეროვნული ვალუტა, როგორც ელ სალვადორმა გააკეთა, რომ ადამიანებმა უფრო კარგ პირობებში იცხოვრონ და ფინანსურად არ გაუჭირდეთ. ეს იყო ცნობიერების ამაღლების კუთხით გაკეთებული პერფომანსი.

საქართველოს ბანკი ავარჩიე რადგან ცენტრალურ ქუჩაზეა, ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ ქუჩით. თუმცა ეს არ იქნება პირველი და არც უკანასკნელი",- განაცხადა მუსერიძემ.

უკავშირდება თუ არა სპეცრაზმის ეკიპაჟების გამოჩენა ბანკებთან, მუსერიძის მიერ გაკეთებულ წარწერებს, ჯერ უცნობია, თუმცა თავად აქტივისტი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ აღნიშნულ თემაზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები