"ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდება მუნიციპალური ინსპექცია"

2021-12-06 13:38:27

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სამსახურებისა და ააიპების ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული შეხვედრა გამართა.

საუბრის ერთ-ერთი თემა ქალაქში მიმდინარე მშენებლობების დროს არსებული დარღვევები და მისი აღმოფხვრა იყო.

ლაცაბიძის თქმით, იგეგმება ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი როგორც საკანონმდებლო, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.

"ზედამხედველობის სამსახურს ჰყავს ახალი უფროსი და ვფიქრობთ, რომ ზედამხედველობის სამსახური ერთ-ერთი წარმატებული უნდა იყოს მომავალში. იგეგმება რებრენდინგი და განვითარება სამსახურის როგორც საკანონმდებლო კუთხით, გვაქვს რამდენიმე ინიციატივა. გაძლიერდება ფუნქციურად და ახალი წლიდან არსებული საშტატოდან დაემატება სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც ამ სამსახურს უფრო გააძლიერებს.

ასევე ვგეგმავთ ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას, რომელიც გულისხმობს სამხრე კამერებს, ფორმებს, მანქანებს. ჩამოყალიბდება ახალი ძლიერი მუნიციპალური რუსთავის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებს სწორედ ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის მშენებლობებზე სხვადასხვა სახის დარღვევა და იქ საფრთხის შემცველი მიმართულებები, რაზეც სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. ჩვენ გავამკაცრებთ მიდგომებს. აუცილებელია, რომ სამშენებლო პროცესი მიმდინარეობდეს კანონის დაცვით, არც გარემოს და დასაქმებულ ადამიანებს არ ექმნებოდეთ საფრთხე.

ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდება მუნიციპალური ინსპექცია. ეს იქნება პირველი იანვრიდან",- განაცხადა ლაცაბიძემ.