რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს [video]

2021-12-03 14:48:08

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.

პარტიამ "გახარია-საქართველოსთვის" თავმჯდომარის არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

როგორც პარტიიდან საკრებულოს წევრმა, ნათია შელეგიამ განაცხადა, მიზეზი გახდა ის, რომ არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს დაბალანსებული მმართველობა. 

"არცერთ პარტიას არ სურს, რომ დაბალანსებული მმართველობა მივიღოთ დღის წესრიგში. ერთი პარტია, ისევე როგორც მეორე პარტია, ვერ თმობს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს და ვერ ელევა ერთპიროვნულ მმართველობას. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დავტოვეთ საკრებულოს სხდომა, ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში გამომჟღავნდა ეს ნათლად, რომ ქართულმა ოცნებამ დაუჭირა მხოლოდ საკუთარ კანდიდატს მხარი, ნაციონალურმა მოძრაობამ საერთოდ არ მიიღო მასში მონაწილეობა", - განაცხადა ნათია შელეგიამ.

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას, ნათია შელეგიას თქმით, ისინი ინდივიდუალურ კონსულტაციებს არცერთ პარტიასთან არ აწარმოებენ.

"ინდივიდუალური კონსულტაციების წარმოება არ მოხდება არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავსხდეთ სამივე მრგვალ მაგიდასთან და განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას. ამის შესაძლებლობა ჩვენ არაერთხელ მივეცით ორივე პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადა ნათია შელეგიამ.

თანახმაა თუ არა მსგავს ფორმატში მოლაპარაკებებზე ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც "ქართული ოცნებიდან" რუსთავის საკრებულოს წევრმა, მარი ლიპარტელიანმა განაცხადა, გახარიას პარტია აღმოჩნდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარეს.

"ნაციონალური მოძრაობა არის იმ ამპლუაში, რომელშიც მუდმივად არის, მათ აჩვენეს თავისი სახე და სამწუხაროა ის, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც, ფაქტობრივად, აღმოჩნდნენ მათ მხარეს. როდესაც ამბობ, მე ვაპირებ თქვენთან თანამშრომლობას, მაგრამ რეალურად დგები და ტოვებ სასკრებულოს სხდომას, არ ირჩევ საკრებულოს თავმჯდომარეს, გამოდის, რომ შენ გაწირე შენი საკუთარი ქალაქი კოლაფსისთვის", - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მზად "ქართული ოცნება" მიიღოს გახარიას პარტიის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებების ფორმატში მონაწილეობა.

რუსთავის საკრებულოს მომდევნო სხდომა არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში უნდა ჩაინიშნოს.








 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები