ვინ იქნებიან რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

2021-11-30 14:29:10

რუსთავში მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საკრებულოში შემავალი სამი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გახარია საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის კანდიდატურებზე თავიანთი გუნდის წევრებს წარადგენენ.

არსებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის ანამდებობაზე ალეკო ბერიძის კანდიდატურას განიხილავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ თავად ალეკო ბერიძესაც, რომელიც საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აცხადებს, რომ პარტიას ჯერ-ჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, ზოგადად რა პოზიცია ექნებათ საკრებულოსთან დაკავშირებით.

"რამდენიმე ვარიანტი განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილებას 2 დეკემბერს მივიღებთ, სანამ საკრებულოს სხდომა იქნება, ზოგადად რა პოზიცია გვექნება საკრებულოსთან დაკავშირებით",- განაცხადა ბერიძემ.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, სავარაუდოდ, ნოდარ შეროზია განიხილავს. თავად შეროზია "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ მასთან ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგადად პარტიას აქვს პოზიცია, რომ ყველა ქალაქში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თავიანთი კანდიდატურა დააყენონ, მათ შორის რუსთავშიც.

"პირადად ჩემთან საუბრები არ ყოფილა, მაგრამ პარტიის პოზიციაა, რომ ყველა ქალაქში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თავიანთ კანდიდატურებს დააყენებენ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" შეროზიამ.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, სავარაუდოდ, მამუკა რეხვიაშვილის დასახელდება.

რეხვიაშვილი საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ამ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. დამატებით კი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს.

"ვერც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ. ზოგადად, გუნდში მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და საუბარი",- განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" თანაბარი რაოდენობის, 16-16 დეპუტატი ჰყავს, ხოლო 3 წევრითაა წარმოდგენილი "გახარია საქართველოსთვის".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები