"თითოეული ლარი უნდა იყოს ეფექტურად დახარჯული"

2021-11-29 14:54:07

"სამწუხაროდ რამდენიმე ობიექტი, რომელსაც ჩვენ რეაბილიტაციას ვუტარებთ, არ იყო იმ სტანდარტებში, რაშიც უნდა ყოფილიყო. ეს, ალბათ, ჩვენი ყველას დანაშაულია, რომ გარკვეულწილად უყურადღებოდ, არ ვიცი რა დავარქვა, განხორციელდა პროექტი, რომელზეც დავხარჯეთ თანხა და იყო მოსახლეობის მოთხოვნა. საბოლოო ჯამში, არ უპასუხა იმას, რაც მოსახლეობამ გვთხოვა და იყო გარკვეული დარღვევები",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერიისა და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან პირველ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა.

ლაცაბიძემ მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს დაავალა, გაფრთხილდეს თითოეული თანამშრომელი მეტი ყურადღებით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობას.

მან მიმართა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს და განაცხადა, რომ თუკი უკეთესი მუშაობისთვის საჭიროა თანამშრომლების ან სხვადასხვა ტექნიკური საჭიროები დამატება, მერი ამისთვისაც მზადაა.

"მინდა გთხოვოთ, თითოეული თანამშრომელი გავაფრთხილოთ, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობას. ის რომ თანხებს ვხარჯავთ ბიუჯეტიდან, თითოეული ლარი უნდა იყოს ეფექტურად დახარჯული და გათვლილი იმაზე, რომ ემსახურებოდეს ადამიანებისთვის კომფორტის შექმნას. მე რაც ვნახე, მთლად ასე არ იყო, იყო გარკვეული ხარვეზები. ინფრასტრუქტურის სამსახურის მინდა ვთხოვო, თუ ჩვენი მხრიდან არის საჭირო დავამატოთ თანამშრომელთა რაოდენობა, გარკვეული ინფრასტრუქტურა გვჭირდება, იქნება ეს მანქანა ან სხვა, გავაკეთოთ, რომ ეს სამსახური ქალაქში კიდევ უფრო მობილიზებული იყოს. მესმის, რომ ბევრი პროექტია და რესურსი არ გვყოფნის თანამშრომლების, არასდროს არ ვერიდები იმის თქმას, რომ ხელფასები უნდა მოვამატოთ, თანამშრომლები დავამატოთ, რათა ნებისმიერ პროექტს ჰქონდეს უფრო მეტი ეფექტი. იყოს მოსახლეობისთვის უფრო მისაღები. გამოდის რომ ვაკეთებთ რაღაცას და ბოლოს შეიძლება პირიქით დასაცინები გავხდეთ. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები