რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი 81 200 000 ლარით განისაზღვრა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეფხვაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად Zoom-ის მეშვეობით განიხილეს.
"გვქონდა მომავალი ბიუჯეტის საჯარო განხილვა, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ზუმით. განხილვაში ჩართულები იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე კერძო პირები. გავაცანით ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი, შემოსავლები და ხარჯები",- განაცხადა გრიგოლ ვეფხვაძემ.
აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ენიჭება, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურის და ჯანდაცვის მიმართულებებს და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2022 წლის ბიუჯეტში 28 807 800 ლარი იქნება გამოყოფილი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 8 111 800 ლარი დასუფთავებისა და გარემოს დაცვისთვის, 15 407 900 ლარი განათლებისთვის, 10 846 000 ლარი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტისთვის, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის 5 314 300 ლარი.