რუსთავში კოვიდაცრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

2021-11-20 18:18:15

რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" იმ კლინიკებში განუცხადეს, სადაც ვაქცინაციის პროცესები მიმდინარეობს, 8 ნოემბრის შემდეგ მსურველთა რაოდენობა გაორმაგებულია და ერთი შეხედვითაც თვალნათელია, რომ მსურველთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანია.

მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, მანანა კაპანაძის განცხადებით, აცრის დღეებში მათთან მისულ პირებს შორის უმრავლესობა საპენსიო ასაკის ადამიანები არიან, თუკი 8 ნოემბრამდე საშუალოდ დღის განმავლობაში 7-მდე ადამიანი იცრებოდა, ახლა მათი ციფრი 50-მდე  გაიზარდა.

კლინიკა "რუსთავში" ამბობენ, რომ 8 ნოემბრამდე დღის განმავლობაში 40-მდე პირი იცრებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც მთავრობამ 200 ლარიანი საპენსიო დანამატის შესახებ განაცხადი გააკეთა, აცრის მსურველთა რაოდენობა გაორმაგდა და ყოველდღიურად 80-მდე ადამიანი იცრება და მათი უმეტესობა ასაკოვანია.

მსგავსი ვითარებაა N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებშიც, სადაც აცხადებენ, რომ აცრის მსურველთა რაოდენობა ბოლო დღეებში მომატებულია.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს მთავრობის გადაწყვეტილებით ცნობილი გახდა, რომ ყველა საპენსიო ასაკის მქონე პირი, რომელიც 1 იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, 200 ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები