თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სავალდებულო გაწვევები დროებით შეჩერებული იყო, შესაბამისად საშემოდგომო გაწვევების ფარგლებში რუსთავიდან მხოლოდ 142 ადამიანს გაიწვევენ. პროცესი სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სტრატეგიული ობიექტების დაცვისთვის მიმდინარეობს. ახალგაზრდების გაწვევა დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო პერიოდში სამხედრო სამსახურის გადავადებების რიცხვმა იმატა. ლევან ონიანის განცხადებით, გამოძახებულების 80 % ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის გამო, ჯარში მსახურს ვერ ახერხებს. სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტშიც იმსჯელეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით სავალდებულო სამხედრო სამსახური რჩება და შესაძლოა სტრუქტურას ახალი კომპონენტებიც დაემატოს. საგაზაფხულო გაწვევა თებერვლის თვეში დაიწყება და 500-მდე ახალგაზრდის გაწვევა მოხდება.