"ერთ კვირაზე მეტია გათიშულია ეს ჯიხური და არ გვჭირდება ქალაქს, ალბათ ზედმეტი ხარჯია ელექტრო ენერგიის",- ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკოლოზ მუსერიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმის ქუჩაზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგმული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელი ჯიხურის აღებას აპირებს, რადგან, მისი თქმით, გამოუსადეგარია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.
მუსერიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსთავში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულია და მოითხოვს პასუხისმგებელმა პირებმა აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.
"ჯიხურიც უმაქნისია, ვერ ავწიეთ, გვინდოდა, რომ წაგვეღო და ვერ მოვახერხეთ, რადგან შესაძლოა ჩვენი მხარე დაზიანებულიყო. სხვა გზას მოვიფიქრებთ და მაინც წავიღებთ ამ ჯიხურს იმიტომ, რომ უმაქნისია და ჰაერს არ ზომავს. დაბინძურება კიდევ, ამ ქალაქში ბოლო სამი დღე საშინელება ხდებოდა. გადადგეს მინისტრი, მაინც არაფერს არ აკეთებს. მარტო გვპირდება მოსახლეობას. ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქალაქში ცუდად გრძნობს თავს, მათს შორის მეც. ჯეოსთილიდან დავიწყეთ და ჯეოსთილთან დავამთავრებთ. გავიგუდეს აქტიური წევრი აღარ ვარ, თუმცა, ცხადია, მაწუხებს ეს პრობლემა და ჩემი ინტერესის სფეროა. მე, როგორც რიგითი აქტივისტი ნებისმიერი სოციალური პრობლემის, გამოვხატე ეს პრობლემა და მინდა, რომ მოგვარდეს. პასუხისმგებელი პირი ბევრია და ნება იბოძონ და მოაგვარონ ეს პრობლემა. ერთ კვირაზე მეტია გათიშულია ეს ჯიხური და არ გვჭირდება ქალაქს, ალბათ ზედმეტი ხარჯია ელექტრო ენერგიის",- განაცხადა ნიკოლოზ მუსერიძემ.