რუსთავის სუს-თან დაკავებული 3 პირის სასამართლო გადაიდო

2021-11-14 18:12:46

პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 12 ნოემბერს დაკავებული ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მათე მგელაძისა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ 2 აქტივისტის, ვანო ჩუთლაშვილისა და დაჩი გელაშვილის სასამართლო პროცესი სამშაბათამდე გადაიდო.

მოსამართლე ნატა თედეშვილმა დაკავებულების უფლებადამცველის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად დრო მისცა.

"დაკავებულებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე დრო იყო, რომ წარმოგვედგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს რომ მათ მიმართ სახდელები არ უნდა იყოს გამოყენებული. შესაბამისად ვიშუამდგომლეთ, რომ დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით, რომელიც შეიძლება იყოს ვიდეოც და აუდიოც, საქმე გადაიდოს სხვა დროისთვის",- განაცხადა გურამ კონტუაძემ.

სამივე პირი 12 ნოემბერს სუს-ის სამხარეო სამმართველოს შენობასთან დააკავეს და დაკავებიდან 48 საათის შემდეგ, დღეს აქტივისტები გაათავისუფლეს.

მათ პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები