გეგმავს თუ არა ლაცაბიძე მერიაში რეორგანიზაციას

2021-11-13 12:38:23

"ჩემი მიზანი არ არის ვინმეს სამსახურიდან გაშვება", - ასე უპასუხა რუსთავის მომავალმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვას, გეგმავს თუ არა ის მერიაში რეორგანიზაციის ჩატარებას.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, მას რუსთავის მერიაში კვალიფიციური გუნდი ხვდება.

"მე მხვდება ძალიან კვალიფიციური გუნდი მერიაში და ჩვენი ახალი მიდგომებით, ახალი სტანდარტებით, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად, ყველანი ერთად შევძლებთ იმ დაპირებების შესრულებას, რომლებზეც ვსაუბრობდით მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ჩემთვის მთავარი არის, რომ ყველა ის პროქტი, ყველა ის თხოვნა, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო გაჟღერებული, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს. ჩემი მიზანი არ არის რეორგანიზაცია, ჩემი მიზანი არ არის ვინმეს სამსახურიდან გაშვება, ჩემი მიზანია, რომ ახალი სტანდარტებით, ახალი მიდგომებით, გუნდმა ერთიანად იმუშაოს და თითოეული თანამშრომელი მოემსახუროს ქალაქს, აი ამ მსახურებისთვის მივდივართ მერიაში", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.