სტრასბურგში, ევროპის საბჭოში გამართულ "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე" სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ"-ს წარმომადგენელმა, თინათინ მაღედანმა რუსთავში არსებულ ჰაერის დაბიძნძურების პრობლემაზე ისაუბრა.
როგორც მაღედანმა "ინფო რუსთავთან"აღნიშნა, ამ საკითხის საერთაშორისო ასპარზზე გატანა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების კუთხით.
"ევროპის საბჭოს მოწვევით და დემოკრატიის ევროპული ფონდის რეკომენდაციით, მომიწვიეს დემოკრატიის მსოფლიო ფორმუზე, რომლის წლევანდელი თემაა შეუძლია თუ არა დემოკრატიას გარემოს გადარჩენა. ფორუმი გაიმართა ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში და ფორუმის ფარგლებში ვისაუბრეთ გავიგუდეზე, იმ გამოწვევებზე, რაც რუსთავის წინაშეა, მოქალაქეთა ჩართულობის გზებზე და იმ მეთოდებზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პრეზენტაციას და ღონისძიების შემაჯამებელ პლენარულ სესიაზე გავიგუდეთ კიდევ ერთხელ ახსენეს, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობის მაგალითი.
რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და შეხვედრის შემდეგ ჩვენთან უფრო დეტალურად გაიარეს ეს საკითხები და იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს გამოგვადგება კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ადვოკატირების კამპანია და დავაჩქაროთ ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, რადგან შევძელით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგვეტანა რუსთავის პრობლემა", - განაცხადა თინათინ მაღედანმა.
ფორუმი 8-10 ნოემბერს გაიმართა. ფორუმში მონაწილეთა დიდი ნაწილი კონკურსის საფუძველზე შეირჩა, თინათინ მაღედანი კი სტრასბურგში მიწვეული სტუმარი იყო.