წიგნი "ეთნო ტაბლას" პრეზენტაცია რუსთავში

2021-11-09 18:32:02

რუსთავში, კაფე "სკაუტ გარდენში" კულინარიული წიგნის "ეთნო ტაბლას" პრეზენტაცია შედგა. წიგნში თავმოყრილია ქვემო ქართლის მასშტაბით მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ შემუშავებული კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები.

წიგნის ავტორისა და გასტრო მკვლევრის, დალილა ცატავას თქმით, კვლევის პროცესში 140-მდე რეცეპტის მოძიება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ წიგნისთვის 30 მათგანი შეირჩა, ის რომ ყველა ეთნიკური უმცირესობის 5-5 კერძის რეცეპტი მოხვედრილიყო.

"ძალიან საინტერესო იყო კვლევის პროცესი, რადგან ეს არის ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონი, სადაც არის გერმანული, ბერძნული, ასურული, აზერბაიჯანული და სომხური კვალი. ამიტომაც იყო საინტერესო კვლევის პროცესი. 140-მდე რეცეპტი დაგვიგროვდა. მეორე ეტაპი იყო გაფილტვრა, რადგან ყველას თანაბრად ჰქონოდა ადგილი ამ წიგნში. ყველა ეთნოსის წარმომადგენელს მივაკუთვნეთ 5-5 რეცეპტი. ბოლო ნაწილი, რაც ყველაზე კარგია, არის ჩაროზები. ყველა რეგიონის ჩაროზი, ანუ ტკბილეული ჩაისთან ერთად",- განაცხადა დალილა ცატავამ.

"ეთნო ტაბლა" USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" დახმარებით გამოიცა. პროექტის ხელმძღვანელის ქეთი ჭუმბურიძის თქმით, წიგნი რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"წიგნი მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით. პირველი, ეს ტრადიციები და რეცეპტები, ქართული კერძები შევინარჩუნოთ და თანამედროვეობაშიც გადმოვიტანოთ და მაქსიმალურად ვცადოთ, რომ ოჯახებში მოამზადონ. მეორე, ეს არის ტურისტული პროდუქტი. მნიშვნელოვანია ამ წიგნით ისარგებლონ ტურისტებმა, შეიძინონ წიგნის მაღაზიებში, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი კვლავ მოხმარდება ამ რეგიონში ტურიზმის მიმართულების სხვადასხვა აქტივობას",-ქეთი ჭუმბურიძე "usaid-ის პროექტის ზრდას ხელმძღვანელი.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ წიგნი მხარის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ეთნო ტაბლის წიგნის გამოცემით, რომელიც ეძღვნება ქვემო ქართლის კულინარიულ ტრადიციებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ქვემო ქართლი ტურისტული მიმართულებით და უფრო მეტად შევუწყოთ ხელი მხარის პოპულარიზაციას",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.