ხმაური რუსთავის ციხესთან

2021-11-06 13:40:37

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დღეს ოპოზიციის მიერ აქციაა დაგეგმილი, ხმაური იყო.

დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ სცენის აწყობის საშუალება არ მისცეს და საჭირო ინვენტარი ჩამოართვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ სადაც სცენის აწყობა სურდათ, ეს ადგილი ციხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი და გადაეტანათ იქ, სადაც წინა დღეებში იყო გამართული, საუბარია გარდაბნისკენ მიმავალ გზაზე.

თავდაპირველად აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიცია და აქციის ორგანიზატორები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ სცენა სამართალდამცავების მიერ მითითებულ ალტერნატიულ ლოკაციაზე აიწყობა.