"ბაგა-ბაღის სამზარეულოში დაიკარგა პროდუქტები"

2021-11-05 20:43:24

რუსთავის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის, ნანა შატბერაშვილის განცხადებით, 37-ე ბაგა-ბაღში საკბევი პროდუქტები დაიკარგა.

შატბერაშვილმა ამასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

"მოვითხოვე ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის საკრებულოს სხდომაზე მოსვლა. მქონდა შეკითხვა დასასმელი, რადგან ამ საკითხის გარკვევა ფიზიკურად ვერ მოვასწარი, სხდომაზე რომ მოვდიოდი მაშინ მივიღე ინფორმაცია. 37-ე ბაღში, ჩემი ინფორმაციით, სამზარეულოში დაიკარგა პროდუქტები, ეს იცის თვითონ ეკა ხუციშვილმა და ცდილობენ ამ საქმის ჩაფარცხვას. მე არ ვიცი მოიპარეს თუ უბრალოდ სხვა რაღაც მოხდა", - განაცხადა შატბერაშვილმა.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ეკა ხუციშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ბაღში ადგილი ჰქონდა დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას.

"არანაირი პროდუქტის დაკარგვა სამზარეულოდან არ მომხდარა, არანაირი ქურდობის ფაქტი არ ყოფილა. ბაღების მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს, როგორც ვიდეომონიტორინგი, ასევე ინსპექტირება. როცა რაიმე არ მოგვწონს, ამას ვინიშნავთ, შემდეგ ადგილზე ვეცნობით და თუკი არის რაიმე გადაცდომა, გვაქვს ამაზე რეაგირება. 37-ე ბაღშიც იყო ასეთი ფაქტი, რომ არ მოხდა ჯეროვნად შესრულება მოვალეობების მზარეულების მხრიდან, არანაირ ქურდობის ფაქტი არ ყოფილა.

არ მოხდა საკვები პროდუქტის ბოლომდე ჩაყრა ქვაბში, რამდენიმე ნაჭერი ხორცი გადაუცვივდათ და არ მიაქციეს ყურადღება.

ჩვენ რომ წამოვედით ბაღიდან და მათ გარკვეული შენიშვნები მივეცით, საღამოს დაწერეს განცხადება და წავიდნენ სამსახურიდან", - განაცხადა ხუციშვილმა.

შატბერაშვილმა ასევე პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად მისი მხრიდან ბიუროს სხდომაზე დაყენებული მოთხოვნისა, ეკა ხუციშვილი არ დაესწრო საკრებულოს სხდომას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ქავთარაძის თქმით, შატბერაშვილის მხრიდან არ მომხდარა კონკრეტული საკითხის გაჟღერება, თუ რაზე სურდა მას ხუციშვილთან კითხვების დასმა.

"არც ერთი მათგანი არ იყო ის პირი, რომელიც გასცემდა ჩემს კითხვებზე პასუხს და ვითხოვდი იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე" - განაცხადა შატბერაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავმა" კითხვა დაუსვა თავად ეკა ხუციშვილს, რის საპასუხოდაც მან განმარტა, რომ სხდომაზე დასასწრებად წინა დღით მაინც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.

"სხდომაზე რომ მივიდე, 1 დღით ადრე მაინც უნდა ვიცოდე რაზე და სად მივდივარ. არ დამკავშირებიან, ხომ უნდა მცოდნოდა, რომ მივსულიყავი", - განაცხადა ხუციშვილმა.