2017 წლის ბიუჯეტში ნაგვის ბუნკერების დალუქვისთვის ხარჯები უკვე გაწერილია. ჯერჯერობით დაუდგენელია თვითმმართველობა ტენდერს გამოაცხადებს თუ საკუთარი სამსახურებით მოახერხებს საკითხის მოგვარებას, თუმცა უკვე ცნობილია რომ რამდენიმე მიკრო-რაიონში სამუშაოები 2017 წლის იანვარში დაიწყება. ნაგვის ბუნკერების დალუქვა თავდაპირველად VIII, VII, VII-ა და VI, ხოლო მოგვიანებით XXI, XX, XV და XIV მიკრო-რაიონებში მოხდება, შემდეგ კი XVII, XVIII, XIX, XVI და XII მიკრორაიონებში და ყველა იმ მაღალსართულიან კორპუსში სადაც ბუნკერები იქნება. აღნიშნული სამუშაოებისთვის რამდენიმე სამსახური უკვე ემზადება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსებისთვის მოხდება ურნების დამატება, რომელიც კორპუსთან ახლოს სპეციალურ ადგილზე განთავსდება, განსხვავებული რეჟიმში იქნებიან მეეზოვეები. თვითმმართველობაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად სპეციალური მანქანების შესყიდვაზეც ფიქრობენ. ნაგვის ბუნკერების დალუქვის პარალელურად მოხდება შესაბამისი ტერიტორიის დეზინფექცია და დერატიზაცია.
საყოფაცხოვრებო ბუნკერების დალუქვას ჰყავს როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდგეები. ბუნკერების გაუქმებას ძირითადად მაღალ სართულებზე მცხოვრები მოქალაქეები აპროტესტებენ, თუმცა მერიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის 75% ბუნკერების გაუქმების მომხრეა.