"ეს ადამიანები გამოხატავდნენ თავის პროტესტს და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოკაციები", - ასე უპასუხა რუსთავის გასასვლელში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" მიერ დასმულ კითხვას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.
ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს.
"მე არ ვიყავი ინფორმირებული. ჩემთვის ყველანაირი სახის ძალადობა არის მიუღებელი. ეს ადამიანები გამოხატავდნენ თავის პროტესტს და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოკაციები, რასაც მოჰყვა ის შედეგი, რაც ყველამ ვნახეთ", - განაცხადა ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს რუსთავის გასასვლელში ინცინდენტი მოხდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისკენ მიმავალ მოქალაქეებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.