რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკის პასუხი ბრალდებებზე [video]

2021-10-20 22:22:28

მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთეს და კოვიდინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრების ბრალდებებს უპასუხეს.

სამედიცინო ცენტრის რუსთავის ფილიალის ადმინისტრაციული დირექტორის, გიორგი გიორგაძის განცხადებით, ბრალდება, რომ 17 სექტემბერს კოვიდინფიცირებული პაციენტი მორგში ჯერ კიდევ მაშინ გადაიყვანეს, როცა ის ცოცხალი იყო, არის აბსურდული.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მათ აღნიშნული პაციენტის რეანიმაციული დახმარების ამსახველი ვიდეო კადრებიც მოიტანეს და აღწერეს, რა სახის ჩარევები მოხდა.

"პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 12 ოქტომბერს. თავიდანვე მისი მდგომარეობა იყო მძიმე. სატურაცია იყო დაბალი, 80-დან 85-მდე მერყეობდა. თავიდანვე ჭირდებოდა ჟანგბადის მაღალი ლიტრაჟი. მდგომარეობას ართულებდა თანმხლები პათოლოგია შაქრიანი დიაბეტი, დიდი წონა. მას პერიოდულად სჭირდებოდა სიპაპ მილების მხარდაჭერა. მუდმივად იმყოფებოდა ოქსიგენაციაზე, სახის მარტივი ნიღბით. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა 17 ოქტომბერს, 14:47 საათზე მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. 14:50 წუთზე დამთავრდა გადაყვანა აპარატზე. მოხდა ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია, 15:30 საათზე გაჩერდა გული. იწყება სიპიარი. 15:31 საათზე აღდგა სინუსური რიტმი, შემდეგ ისევ გადავიდა ასისტოლიაში, თუმცა სამწუხაროდ 16:01 წუთზე დაფიქსირდა სიკვდილი. ოჯახის წევრებს პაციენტის გარდაცვალებიდან 8-9 წუთის შუალედში დავუკავშირდით და შევატყობინეთ ამბავი. ამის სატელეფონო ზარიც არსებობს",- განაცხადა რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა მანანა კაპანაძემ.

გარდა ამისა, კლინიკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბრალდებებზეც, რომ პაციენტებს არ ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ისინი ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარებას. მათი განცხადებით, ყველა პაციენტს საწოლის გვერდზე აქვს ტუმბო, სადაც მოთავსებულია მათი კუთნილი მობილური ტელეფონი და ოჯახის წევრს, ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა ინფიცირებულთა კომუნიკაცია დაამყაროს.

ისაუბრეს მერი შანყულაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზეც, რომ მის მამას მედიკოსებმა წყალი არ მიაწოდეს.

"ყველა პალატაში არის ონკანი, რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, არის პოსტები, სადაც 24 საათის განმავლობაში პაციენტის წინ მინიმუმ ზის ერთი ექთანი. ამიტომ, არარეალურია და არაეთიკურია, რომ ადამიანები დავადანაშაულოთ, რომ ვიღაცას წყალი სწყურია და წყალი არ მიაწოდა. უხერხულია ამის მტკიცება",- განაცხადა გიორგი გიორგაძემ. 

კლინიკის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ აპირებენ დეა ადამიას მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო სასამართლოში უჩივლონ და კანონის ფარგლებში მისს უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

"ჩვენი კომპანია აპირებს ქალბატონი დეა ადამიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და უმკაცრესად მოვითხოვთ კანონის ფარგლებში მის დასჯას. პირველი რიგში რეპუტაციის შელახვისთვის, რაც ჩვენს კლინიკას 20-30 წლის განმავლობაში აქვს და ძალიან ვუფრთხილდებით ამ სახელს. მეორე ის რომ, სამედიცინო პერსონალი მორალურად პარალიზებულია, ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და მათ გარდა იმისა, რომ პაციენტებს შვება მოუტანონ და გამოაჯანმრთელონ, სხვა საქმე არაა აქვთ. ასეთ პირობებში კი მათ უხდებათ უყურონ მედიის საშუალებით რა მძიმე ბრალდებებს უყენებს ვიღაც ქალბატონი მათ. იმის მაგივრად, რომ მთელი ფიქრი მიმართონ პაციენტების საკეთილდღეოდ, ნერვიულობაზე და ტელევიზორების ეკრანებზე არიან ორიენტირებულები. სწორედ ამის საშუალებას არ მივცემთ არავის. ყველანაირი ვიდეო და დოკუმენტური მასალა გვაქვს იმისთვის, რომ დავამტკიცოთ აღნიშნული ბრალდებების უსაფუძვლობა",- განაცხადა სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ლოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკასთან რამდენიმე კოვიდინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრი და ორგანიზაცია "პაციენტის უფლებებისთვის" დამფუძნებელი, დეა ადამია და მისი წევრები იკრიბებოდნენ.

მათი განცხადებებით, მედპერსონალი ინფიცირებულ პაციენტებს არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას და მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. რამდენჯერმე კლინიკასთან ვითარება დაიძაბა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური ეკიპაჟის წევრებიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები