ხმაური რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკასთან [video]

2021-10-20 03:00:03

რუსთავში, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან ხმაური იყო.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის ოჯახის წევრები და ორგანიზაცია "პაციენტის უფლებებისთვის" დამფუძნებელი დეა ადამია, რომელთა მოთხოვნითაც ინფიცირებულები ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ინფიცირებული პაციენტების შვილი, მერი შანყულაშვილი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებდა, მის მშობლებს მედიკოსები შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ, ასევე მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

შანყულაშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ჯანდაცვის სამინისტროსგან რეანიმობილის მოთხოვნას, რათა ინფიცირებულების ტრანსპორტირება ერთი კლინიკიდან მეორეში განხორციელებულიყო. უწყებისგან მიიღო დაპირებაც, თუმცა დღის ბოლომდე მისთვის რეანიმობილის მოძებნა ვერ მოხერხდა, რის გამოც პაციენტების ოჯახის წევრებმა კერძო რეანიმობილი გამოიძახეს.

თავდაპირველად მოხდა ინფიცირებული კაცის გადაყვანა. რის შემდეგაც მერი შანყულაშვილი ვეღარ უკავშირდებოდა ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მყოფ დედას და მოითხოვდა, რომ შესულიყო კლინიკაში თავად ენახა ინფიცირებული.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც, რომლის მისვლის შემდეგაც მერი შანყულაშვილსა და კლინიკასთან შეკრებილებს ჰქონდათ სამედიცინო ცენტრში შესვლის მცდელობა, თუმცა კლინიკის დაცვამ ამის ნება არ დართო.