ხმაური რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკასთან

2021-10-17 17:30:46

რუსთავში, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან ხმაური იყო.

სამედიცინო ცენტრთან შეკრებილები იყვნენ ორგანიზაცია "პაციენტის უფლებებისთვის" დამფუძნებელი დეა ადამია და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრები, რომელთა განცხადებითაც, მარდალეიშვილის კოვიდკლინიკაში მყოფ ინფიცირებულებს მედპერსონალი სათანადო ყურადღებას არ აქცევს, არ უწევს სამედიცინო დახმარებას, რის გამოც ოჯახის წევრებს პაციენტების სხვა კლინიკაში გადაყვანა სურთ.

გარდა ამისა, მათი თქმით, ვერ ახერხებენ ვერც ინფიცირეულებთან კომუნიკაციას და ვერც მედპერსონალათან, რომ ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

"დღეს დამირეკა დედამ და მითხრა, რომ მარტოები არიან, არავინ არ მიდის, ტუალეტშიც ვერ გადიან, მამას ჟანგბადი არ ჰყოფნის, ჰაერი მოდის ცარიელი, ჟანგბადი არაა. მოვედი ამ ამბების შემდეგ კლინიკაში, დამხვდა განყოფილების გამგე, დედას ყელზე აქვს პრობლემა და ხველაზე აძლევს სპაზმს, ვკითხე ექიმებს თუ ჩემგან რამე იყო საჭირო, მითხრეს, რაღაცა აეროზოლი მომიტანეთო, მთელი ღამე ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ, შემცველიც არ უნდოდათ. მერე ექიმს რომ ვუთხარით, გვკითხა, რატომ გაძებნინებდნენ მაგ წამლით კარადა გვაქვს სავსეო.

ექიმმა მითხრა მეც შოკში ვარო და დღეიდან ყველაფერი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. მაგრამ ეს ისეთი დაავადებაო, როდის დამძიმდებაო ჩვენ არ ვიცითო, თან მოიხსნა პასუხისმგებლობა, რამე რომ დამართოდათ. არც დედას და მამას არ ჭირდა სასიკვდილო არაფერი. ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა მესამე დღეს გაუკეთეს კატე და მეორე თუ მესამე დღის დასაწყისში გაგვაგებინეს პასუხი.

დღეს ამ ამბების შემდეგ შევედი და ვნახე ჩემი მშობლები. დედა დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ ჰყავთ, რომ არ მესაუბროს და არ იყვიროს ბევრი და ამაზე რეაქცია არ მქონდეს. მამასაც გონება დაბინდული ჰქონდა, ჯერ ვერ მიცნო, მერე მიცნო, ეგეთ მდგომარეობაში მე არ შემომიყვანია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" პაციენტების შვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ესაუბრა მარდალეიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელს, გიორგი გიორგაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა ინფიცირებულების ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ, აირჩიონ სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და პაციენტები იქ გადაიყვანონ.