"დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან" [video]

2021-10-13 19:57:02

ახალქალაქის, კარისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

შეხვედრიდან გამოსული მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მათი საუბრის მთავარი თემა საყოველთაო მიტევება და შერიგება იყო.

"მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს. რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის და ყველას მიმართ ასეთი გზავნილი, ჩვენი ქვეყანა დგას დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, თავისი მომხრეებისთვის მოეწოდებინა, ჩვენ ყველამ ვიფიქროთ ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი...

ერთმანეთს რომ ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული გვაქვს ჩადენილი ქვეყანა წინ ვერ წაიწევს..

ვუთხარი ბატონ მიხეილს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს... დიდი სისხლია დაღვრილი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. ანგარიშსწორება არ იქნება პერსპექტიული. მე ეს ვთხოვე ბატონ მიხეილს და მან თავის მიმართვაში ჩაწერა, რაც იმედი მაქვს, გამოქვეყნდება. მინდა თქვენც მოგიწოდოთ, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ გაუვა არასოდეს, ამიტომ მე ასე ვფიქრობ, რომ ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, უნდა ერთმანეთს ყველამ ვთხოვოთ შენდობა. მე ეს ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და ეს მინდა ვუთხრა ყველას. დავიწყოთ ფიქრი საერთო საყოველთაო შერიგებაზე, მაშინ ქვეყანა განვითარდება. დანარჩენი მე არ ვიცი, მე არ ვარ არც იურისტი, არც პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქით, მიხეილ სააკაშვილმა სრულიად გაიზიარა მეუფის პოზიცია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები