გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას რეჟისორი სოსო ნემსაძე დაიკავებს. სპეციალურმა სარეკომენდაციო საბჭომ, სოსო ნემსაძე, სხვა კანდიდატურებს შორის, წარდგენილი დოკუმენტაციის მეშვეობით შეარჩია. კონკურსში მონაწილეობა სულ ხუთმა კანდიდატმა მიიღო, მაია შენგელია, ეკატერინე კვირკველია, თამარ ხიზანაშვილი, ნუკრი არჩვაძე და სოსო ნემსაძე.
სოსო ნემსაძე ამ დრომდე გორის გიორგი ერისთავის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორის თეატრიდან წამოსვლას, ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. თეატრის მოყვარულები, გორის თეატრის ბოლოდროინდელ წარმატებებს, სწორედ სოსო ნემსაძეს უკავშირებენ.
სოსო ნემსაძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამებობას საბოლოოდ, რუსთავის მერის დასტურის შემდეგ დაიკავებს.
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი სამჯერ გამოცხადდა. პირველი კონკურსი აღნიშნული პოსტის დასაკავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა. პოზიციის დასაკავებლად, სხვა მსურველებთან ერთად, კონკურსში გოგი ქავთარაძეც იღებდა მონაწლეობას. თუმცა კონკურსის გამოცხადებიდან, 6 დღეში, საბჭოს ფორმირებისა და კონკურსის წესების რედაქტირების გამო, კონკურსი ჩაიშალა.
რამდენიმე თვეში კონკურსი კვლავ გამოაცხადა. გამოვლინდა გამარჯვებულიც, თუმცა თეატრმა ფუნქციონირება ისევ სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე გააგრძელა. ამ შემთხვევაში, პოზიციის დაკავებაზე უარი, კონკურსის გამარჯვებულმა, მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ თქვა. უარის მიზეზი, როგორც თავად მსახიობმა განმარტა, თეატრის მმართველობასთან დაკავშირებით, მასსა და ქალაქის ხელმძღვღვანელ პირებს შორის განსხვავებული ხედვები აღმოჩნდა.