კონტროლდება თუ არა გარე სავაჭრო დახლებზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი? ამ კითხვით „ინფო რუსთავმა“ თავდაპირველად სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სააგენტოში განაცხადეს, რომ მათ უფლება მოვალეობაში არ შედის გარეთ, მაღალ ტემპერატურაზე გამოტანილი პროდუქტის ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება. სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი პროდუქტის შემოწმება თვითმმართველი ქალაქების ზედამხედველობის სამსახურს ეველაბა. „ინფო რუსთავი“ რუსთავის მერიის პრესსამასახურს იგივე კითხვით დაუკავშირდა. მერიაში განაცხადეს, რომ ზედამხედვეობის სამსახურს მხოლოდ ქუჩაში განთავსებული უკანონო კონსტრუქციების კონტროლი და დემონტაჟი ევალება, ხოლო რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დებულებაში არსად არ არის გაწერილი გარე სავაჭრო ობიექტებზე გამოტანილი პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება. გამოდის, რომ არც სურსათის ეროვნული სააგენტო, არც მერიის შესაბამისის სამსახურები ან სხვა სახელმწიფო უწყებები არ აკონტროლებენ გარეთ გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის ვარგისიანობას და ხარისხს.