შარტავას 13 ნომრის მაცხოვრებლები „ინფო რუსთავს“ დახმარების თხოვნის მიზნით დაუკავშირდნენ. მოსახლეობის თქმით, მითითებულ მისამართზე სრული ანტისანიტარიაა, ასევე, არის მღრღნელების პრობლემაც, რასაც თან ერთვის მკვდარი ცხოველის ლეშის სუნი და გაუსაძლისი სიცხე, რომელიც ზემოთხსენებულ პრობლემას ამწვავებს. „მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დავკავშირებოდით მერიის ზედამხედველობის სამსახურს, დეზინფექციის სამსახურს და მერიის სხვა სამსახურებსაც, თუმცა მათი ტელეფონები გამუდმებით დაკავებული იყო. ოპერატორს შესაბამისი სამსახურის ოფიციალურ საიტზეც მივწერე, თუმცა ასევე უშედეგოდ.“ - აღნიშნავს ერთ-ერთი მაცხოვრებელი „ინფო რუსთავთან“ საუბარში. მოსახლეობას მკვდარი ცხოველის ლეშის სუნი 3-4 დღეა აწუხებს. ადგილობრივების თქმით, ბინაში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რომელთათვისაც განსაკუთრებით სახიფათოა ანტისანიტარიული გარემო, რაც ვირუსული ინფექციის გავრცელების საშიშროებას ქმნის.
მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და არანაირი შეფერხება არ არსებობს.