სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით

2021-09-01 14:56:27

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ომბუდსმენი  განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ მსგავსი ფაქტებით და მოახდინონ დროული რეაგირება.

ამ დროისთვის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული, თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. (უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მათგანმა ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა, სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე). დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.
 მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით,  მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს:
 ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს - პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაათავისუფლონ, ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს - დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნულია განცხადებაში.