რუსთაველი გოგოს საერთაშორისო წარმატება

2021-08-29 14:34:52

რუსთაველი სალომე გოგაშვილი უკვე 1 წელზე მეტია ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანია "ამაზონის” დორტმუნდის ფილიალის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა გაგაცნოთ ახალგაზრდა წარმატებული გოგონა და გიამბოთ, თუ რა გზა გაირა მან საერთაშორისო წარმატების მისღწევად.

სალომე, უპირველესად მოგვიყევი შენზე, ასევე გვიამბე, როგორი იყო შენი ცხოვრება საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი რუსთავში? ძირითადად რას საქმიანობდი?

დავიბადე და გავიზარდე რუსთავში, დავამთვარე 24 საჯარო სკოლა (ქართული გიმნაზია), შემდეგ კი სწავლა გავაგრძელე საქართველოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. სწავლის და მუშაობის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სახის შემეცნებით, სოციალურ თუ ინოვატორულ პროექტში. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემს ირგვლივ იყვნენ შემდგარი, წარმატებული, მოტივირებული და მიზანდასახული ადამიანები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მაძლევდნენ ბიძგს, მაგალითს და შემართებას ჩემი თავის უკეთესი ვერსის შესაქმნელად.

როგორ მოხვდი „ამაზონში“, გიფიქრია თუ არა ამაზე ოდესმე?

გერმანიაში პირველი სამაგისტრო პროგრამა მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის (Supply chain management) მიმართულებით გავიარე. პარალელურად, ბერლინში, სტუდენტის სტატუსით, ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ მაღაზიის ლოჯისტიკის დეპარტამენტში ვიყავი დასაქმებული.  ჩემთვის ეს უფრო დიდი და შორეული ოცნება იყო ისეთი გლობალური და დინამიკური ორგანიზაციის ნაწილი ვყოფილიყავი, როგორიც „ამაზონია“. „ამაზონის“, როგორც უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიისა და ტექგიგანტის უკან უდიდესი ლოჯისტიკური ქსელია, რომლითაც კომპანია მსოფლიოს წამყვანი გადამზიდების გვერდით, წარმატებით იკიდებს ფეხს. აპლიკაცია საკმაოდ დაუგეგმავად (გულახდილად რომ ვთქვა, ბიბლიოთეკაში სიზარმაცის დროს) შევავსე. მეორე მაგისტრატურას ვასრულებდი და იმ დროს, ჩემთვის ის უფრო საინტერესო იყო, ასეთი დიდი კომპანიის შესარჩევი ეტაპიდან რომელს ვერ გადავლახავდი, რომ შემდეგ უკვე საკუთარ თავზე მუშაობა სწორედ აქედან გამეგრძელებინა.


რა ეტაპები გაიარე და და გიფიქრია თუ არა რაღაც მომენტში, რომ არ გამოვიდოდა?

საკმაოდ კომპლექსური, რამდენიმე შესარჩევი ეტაპი გავიარე და ყველა ჯერზე ჩემს თავს ვამზადებდი, რომ ის ბოლო ეტაპი იქნებოდა. ხშირად ხდება საწუხაროდ ასე, რომ ჩვენს თავს  ჩენთვითონვე ვუშენებთ ხოლმე ბარიერებს. აპლიკაციის შევსების შემდეგ, პირველი ვიდეოგასაუბრება ბოტთან მქონდა. დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ ზუსტად 3 წუთი იყო მოცემული და ამ პროცესს ვიდეოთვალი იწერდა. მე ვფიქრობ, კამერაში საკუთარი თავის ყურება და „მესთან“ საუბარი გასაუბრებების ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდა. მორიგი ეტაპი ლოჯისტიკის სფეროდან, „ამაზონის“ სამ სხვადასხვა წარმომადგენელთან გასაუბრების პანელი გახლდათ. „ამაზონის“ რეკრუტინგის უნიკალურობა და ფილოსოფია სწორედ შეხვედრის ამ ნაწილში იკვეთება. ინტერვიუები ორიენტირებულია არა მხოლოდ პროფესიონალური უნარ-ჩვვების გარკვევასა და შეფასებაზე, არამედ იმის დადგენაზეც, რამდენად შეესაბამება კადრი კომპანიის კულტურასა და სულისკვეთებას. შესაბამისად, გასაუბრების ამ ნაწილის სიტუაციური კითხვები დაფუძნებული იყო „ამაზონის“ 16 ლიდერულ პრინციპზე, რომელიც არა მხოლოდ შესარჩევი ეტაპის, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი ღირებულებებია. ლიდერობა, ნდობის მოპოვება, პასუხისმგებლობის აღება, მაღალი სტანდარტების შენარჩუნება თუ წინსვლისა და განვითარების მუდმივი სურვილი - ეს იმ აუცილებელი უნარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ამაზონელს უნდა ჰქონდეს.

შემდეგ ტურში გადასასვლელად სამივე გამსაუბრებლის დადებითი შეფასება იყო საჭირო. ბოლო ეტაპზე, როგორც უცხოელს, დამატებით, გერმანულ ენაში ტესტის გავლაც მომიწია - ვინაიდან ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჩემს დეპარტამენტში (და არამარტო) მომუშავე პერსონალთან ურთიერთობა და მათთვის მუშაობაა, ენობრივი ბარიერის პრობლემა არ უნდა მქონოდა.

საბედნიეროდ, ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ჩემი კარიერული გზა ამაზონელის სტატუსით განვაგრძე.

მოგვიყევი რა გევალება, რა პოიციაზე მუშაობ და რას ითვალისწინებს?

გამიმართლა და ევროპაში პირველ და ყველაზე დიდ ავტომატიზებულ IXD (Inbound Cross Dock) სადისტრიბუციო ცენტრში, დორტმუნდში მოვხვდი. ჩვენს საწყობში „ამაზონზე“ გასაყიდი თითოეული ნივთის პირველადი მიღება და შემდგომ, მოთხოვნის შესაბამისად, ევროპის მასშტაბით, სხვა საწყობებში გადანაწილება ხდება. ამ მთლიან ჯაჭვში მე ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Area Manager) ვარ და განყოფილებაში როგორც ტექნიკური პროცესების, ასევე იქ მომუშავე ადამიანების მართვა მევალება. თავდაპირველად, Prep & Container Management-ით დავიწყე, სადაც გარკვეული პროდუქტის დამატებითი შეფუთვა ხდება. პარალელურად, პასუხისმგებელი ვიყავი მთლიანი საწყობის შიდა სასაწყობე ინვენტარით მომარაგებაზე. სულ ცოტა ხნის წინ კი, დამაწინაურეს და კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო განყოფილება, კერძოდ, Inbound Dock ჩავიბარე, სადაც, ყოველდღიურად, მილიონობით ერთეულ ნივთს კონვეიერზე ვტვირთავთ და საწყობში ვამისამართებთ. ჩემს გუნდში, ამჟამად, 76 ადამიანია, რომელთა კეთილდღეობა, სამუშაოთი კმაყოფილება, წინსვლა და კარიერული ზრდა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.


ფიქრობ თუ არა, რომ ხარ იქ, სადაც უნდა იყო და არის თუ არა ეს შენთვის პროგრამა მაქსიმუმი?

თამამად შემიძლია გითხრათ,  რომ ნამდვილად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რომ ასეთი მასშტაბური და გლობალური პროცესის თანამონაწილე ვარ და ჩემი წვლილი შემაქვს იმ საქმეში, რასაც #deliveringsmiles ჰქვია.

პროფესიული თვალსაზრისით, როგორც ლოჯისტიკისა და ოპერაციათა მენეჯმენტის სფეროს წარმომადგენლისთვის, „ამაზონის“ ლოჯისტიკის ბიზნესი თავისი დივერსიფიცირებული სფეროებით ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა ცოდნის მიღების, გამოცდილების დაგროვებისა და კარიერული განვითარებისთვის. ყოველდღიური შეხება მაქვს ურთულეს კონვეიერულ სისტემასთან, რომლის გამართულ ფუნქციონირებასაც ჩემს კოლეგებთან ერთად უზრუნველვყოფ. ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების გარემოცვაში და ვნერგავთ სრულიად ახალ სასაწყობე პროცესებს. სამსახურში თუ უსაფრთხოების ჟილეტით, ფეხსაცმელებითა და ხანდახან ჩაფხუტითაც მომიწევდა სიარული  - ამაზე არასდროს მიფიქრია.

გარდა ამისა, ურთიერთობა მიწევს კომპანიაში დასაქმებულ მსოფლიოს 94 ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ვეცნობი მათ შეხედულებებს, კულტურას, მოთხოვნებსა და საჭიროებებს. პასუხისმგებლობას ვიღებ მათ კეთილსინდისიერ მუშაობაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე, რაც საშუალებას მაძლევს, პიროვნულად თუ პროფესიულად თავადაც განვვითარდე, სხვადასხვა მენეჯერული თვისება შევიძინო, კიდევ უფრო უკეთესი ლიდერი გავხდე და ამით სხვა ადამიანებსაც მივცე ბიძგი, მოტივაცია და რაც მთავარია - შესაძლებლობა, თავიანთი მიზნები სრულყონ და ოცნებები აისრულონ.

თუმცა, ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის პროგრამა მაქსიმუმი. ამაზონის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა, რომ Every day is day one. ყოველი დღე ნამდვილად რაღაც ახლის საწყისია და მეც ამ ფილოსოფიით  ვუყურებ ჩემს მომავალს.

გეგმავ თუ არა საქართველოში დაბრუნებას, რას გვეტყვი რუსთავზე?

საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ არ ვიცი როდის. თუმცა, ქვეყნიდან ფიზიკურად შორს ყოფნა არ ნიშნავს უმოქმედობას და განზე გადგომას. ყველას თავისებურად შეაქვს თავისი წვლილი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, მეც მათ შორის.
რუსთავს, თავისი უდიდესი ადამიანური რესურსით, გეოგრაფიული მდებარეობით თუ სხვა უამრავი უპირატესობებით, უპირველესად სჭირდება ჟანგბადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა - სუნთქვა. შემდეგ კი სუფთა ჰაერზე გამოცოცხლებულმა განახლებული ენერგიით უდნა იპოვნოს თავისი გზა, ნიშა და დანიშნულება. თბილისდან ნახევრი საათით დაშორებულ ქალაქს, ჩემი აზრით, შეუძლია გახდეს ახალაგზრდული სტუდენტური ქალაქი -  საუნივერსიტეტო, პროფესიული თუ არაფორმალური განათლების ცენტრი. პოტენციალი ნამდვილად არის, მთავარია, მისი სწორად გამოყენება