მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს

2021-08-28 13:46:40

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა. იგი არის ჩვენი მეოხი, მფარველი, ნუგეშინისმცემელი და შემწე ჩვენი ცხოვრებისუელი ჯვრის ტვირთვაში“- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - მარიამობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს განსაკუთრებული დღე გახლავთ; როგორც არასდროს, აი, ამ დღეს ჩვენ ვგრძნობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიახლოვეს, მის მფარველობას, როგორც დღევანდელი დღის ტროპარშია ნათქვამი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლმა „შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არ დაუტევა“. აი, დღეს განსაკუთრებულად ვგრძნობთ, რომ მან არ დაუტევა სოფელი ესე და არ მიგვატოვა, ჩვენთან არის და ჩვენც, ქართველებს, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს ნუგეში და განსაკუთრებული სიხარული, რომ მან  იწილხვედრა ჩვენი ქვეყანა და ამით გამოავლინა განსაკუთრებული მფარველობა ჩვენი ერის მიმართ.

ჩვენ გვაქვს საოცარი გამოცდილება, როდესაც მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს, შეივედრებს ჩვენს ლოცვებს და გვეხმარება, შეგვეწევა.

ჩვენ დღეს გვახსოვს უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს წარმოთქმული სიტყვები, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეტყვის: „დედაკაცო, აჰა, ძე შენი“ და მიუთითებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველზე, ხოლო წმინდა იოანე ღვთისმეტყველს ეტყვის: „აჰა, დედა შენი“.

აი, ამ მომენტიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა. იგი არის ჩვენი მეოხი, მფარველი, ნუგეშინისმცემელი და შემწე ჩვენი ცხოვრებისუელი ჯვრის ტვირთვაში.

მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, მეოხება და შუამდგომლობა ჩვენ მიმართ. დღევანდელი დღის ტროპარი ასე მთავრდება: „მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა და იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა“. ანუ ის არ არის მარტო ჩვენი დედა, მფარველი, მეოხი და ნუგეშინისმცემელი, არამედ იგი იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისაგან. აი, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და ჩვენი წმინდა ეკლესია.

რომელი სიკვდილისაგან იხსნის ღვთისმშობელი ჩვენს სულებს? ჩვენ ყველანი მოკვდავნი ვართ; ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ყველანი გარდავიცვლებით. მაშ, რომელი სიკვდილისაგან გამოხსნაზეა საუბარი?  იმიტომ, რომ სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი. არსებობს ხორციელი სიკვდილი და არსებობს მარადიული სიკვდილი.
ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებით, რომ გვიხსნას და ვიცით, რომ იგი გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან და გვაცხოვნებს ჩვენ. სხვა წმინდანების მიმართ ასე ვლოცულობთ: „ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის“ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებით, რომ: „გვაცხოვნენ ჩვენ!“ - იმიტომ რომ მას აქვს ეს მადლი, ძალა და კადნიერება ღვთის წინაშე.

რას ნიშნავს „გვაცხოვნენ ჩვენ“? როგორ გვაცხოვნებს ყოვლადწმინდა ღთისმშობელი?  ჩვენი მიცვალებულებისათვის როცა ვლოცულობთ, ვამბობთ: „უფალო, აცხოვნე ისინი, დაამკვიდრე ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა“. ეს იმას ნიშნავს, რომ შევთხოვთ უფალს, დაამკვიდროს ისინი იმ ადგილას, სადაც არის ნათელი ქრისტესი.

სულ ცოტა ხნის წინ იყო ფერისცვალების დღესასწაული, რომლის ტროპარშიც არის ასეთი სიტყვები: „აღმოგვიბრწყინე ჩვენცა, ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი“. აი, ამ  მიუაჩრდილებელ ნათელში შევყავართ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, იქ, სადაც ბრწყინავს ეს ნათელი, სადაც ბრწყინავს უფალ იესო ქრისტეს დიდება. აი, ამ დიდებაში შევყავართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ამას ნიშნავს, რომ იგი გვაცხოვნებს ჩვენ. ე.ი. იგი ლოცულობს ჩვენთვის, მეოხია  ჩვენთვის ღვთის წინაშე, რათა იმ ნათელში შეგვიყვანოს, რაც არის მარადიული ცხოვრება და უფალთან ერთად ყოფნა მარადიულ სიხარულში.

ამაზეა დღევანდელი დღესასწაული, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო. ამას გვასწავლის დღევანდელი საგალობელი და ლოცვები, ამისთვის ვევედრებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

 დღეს ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ერის გამთლიანებისთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი დედობრივი კალთა გადააფაროს ჩვენს ქვეყანას და გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, დღეს განსაკუთრებულად ვლოცულობთ სნეულთათვის.

ამავე დროს, ჩვენ ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქ ილია II-ს დღევანდელი დღე, ვინაიდან მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ არის ის, რომ მან გვასწავლა და გვასწავლის განსაკუთრებულ სიყვარულსა და მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღმერთმა გააძლიეროს იგი, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

ღმერთმა ინებოს, რომ ეს სანუკვარი სიტყვები - „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ!“ - ყოველთვის იყოს ჩვენს ბაგეებზე და არა მარტო ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს სულში, ჩვენს გულსა და გონებაში ყოველთვის ჟღერდეს ეს ლოცვა: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ!“
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ!