მიიღებენ თუ არა მოსწავლეები წელსაც 200-ლარიან დახმარებას

2021-07-27 12:55:47

2020 წლის აგვისტოში საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების პროგრამა მოქმედებდა.

საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდმა სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერადი დახმარება მიიღო. ფულად დახმარების მიღება ბავშვის მშობლებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს შეეძლოთ.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პროგრამა კვლავ ამოქმედდა. ინფო რუსთავმა ფაქტი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაამოწმა სადაც განაცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შესაბამისად, სოც.ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.