19 წლის კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

2021-08-27 11:23:31

ბოკერიას სახელობის კლინიკაში 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, 30 ივლისს ის საავადმყოფოში ინფიცირებული შეიყვანეს, 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა კოვიდის გართულებების გამო დამძიმდა.

მათივე თქმით, ჩვილი ინფიცირებული არ არის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი. მისივე განმარტებით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხზე მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მუშაობს.

სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალება მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.