"გოგომ კაცი თავში ჩაქუჩის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა"

2021-08-26 19:05:46

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 79 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 24 წლის ქალს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულის 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების არგუმენტაცია მტკიცებულებების შესაძლო განადგურებისა და მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით.

როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ჯალაღანიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 24 წლის გოგოსა და 79 წლის მამაკაცს შორის, რომელთაც ერთმანეთთან მეზობლობა აკავშირებდათ, ურთიერთშელაპარაკება თანხის სესხებაზე უარით დაიწყო.

პროკურორი არ აკონკრეტებს, რა თანხაზეა საუბარი, თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტომ  გაარკვია, გოგონამ კაცს 10 ლარის სესხება სთოხვა, რაზეც უარი მიიღო. 

"ბრალდებულმა მის მეზობლად მცხოვრებ 79 წლის მამაკაცს სთხოვა ფულადი თანხის სესხება, რის თაობაზეც მისგან მიიღო უარი და აღნიშნულის საფუძვლით მათ შორის მოხდა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი დაპირისპირება და ამ დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივითა და განზრახ მოკვლის მიზნით, ბრალდებულმა ამავე საცხოვრებელ სახლში არსებული ჩაქუჩის გამოყენებით, მამაკაცს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები, რის შედეგადაც იგი ადგიილზევე გარდაიცვალა", - განაცხადა ლევან ჯალაღანიამ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობის იარაღიც. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ჩაქუჩი ბრალდებულის მითითებით, სამართალდამცავებმა მისივე საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს.

დაკავებულმა თავდაპირველად ბრალი აღიარა, საქმეში ასევე დევს მისი აღიარებითი ჩვენებაც, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და როგორც 24 წლის გოგოს უფლებადამცველი, კობა კობიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპისთვის იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას.

შეგახსენებთ, რუსთავში მეზობლად მცხოვრები 79 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ 24 წლის გოგო დააკავა. მკვლელობა დავით გარეჯის ქუჩაზე, 24 აგვისტოს მოხდა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები