რუსთავში 24 წლის გოგომ მეზობელი კაცი მოკლა [video]

2021-08-25 23:40:45

რუსთავში, 24 წლის გოგომ მეზობლად მცხოვრები, 79 წლის მამაკაცი მოკლა.[ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალმა მამაკაცს ბლაგვი საგნით ჯერ თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი მეზობლებს აცნობა, რომ კაცი შეუძლოდ იყო.

როგორც "ინფო რუსთავმა" შემთხვევის ადგილზე გაარკვია, ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად კორპუსში საცხოვრებლად 2 თვის გადასული იყო.

მეზობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ, თუმცა, სავარაუდოდ, მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. 

"დაგირავებული აქვთ ბინა, მე არ ვიცნობ ამ პიროვნებას, რამდენიმე თვეა გადმოსულია. მითხრა, ამირან ძია ცუდად არის და გთხოვთ ჩამოხვიდეთო. გოგოს 2 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს და ამ კაცის გვერდით მეზობელი იყო. სანამ სასწრაფო მოვიდოდა ვკითხე რა მოტივით შეხვედი მის საცხოვრებელ სახლში მეთქი და მიპასუხა 10 ლარი მინდოდა მესესხაო. ამასწინადაც ვესესხე და დავუბრუნე, შევედი და ამ მდგომარეობაში დამხვდაო. ვერ გეტყვით კონფლიქტი რაზე შეიძლება დაწყებულიყო, არ ვიცნობ ამ ქალბატონს და ვერ ვიტყვი აფექტური ადამიანი იყო თუ არა, ჩხუბი შეიძლება დაეწყო თუ არა. კაცს გაჩეხილი აქვს თავიო, ეგრე თქვეს", - განაცხადა კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თამარ ციციშვილმა ინფო რუსთავთან.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცი 79 წლის ამირან პაპუაშვილია. როგორც მეზობლები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, ის მარტო ცხოვრობდა და წლების განმავლობაში უთანხმოება არავისთან ჰქონია.

შეგახსენებთ, რუსთავში, გარეჯის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა გარდაცვლილის მეზობლად მცხოვრები 24 წლის ქალი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები