"ამ ქალაქში არის ნეპოტიზმი"

2021-08-26 14:42:35

"ვიქნები იმ ადამიანების მერი, ვისაც თვიდან თვემდე არ ჰყოფნის ხელფასი, ვისაც ძალიან დაბალი პენსია აქვს. ვინც ვერ იპოვა ამ ქალაქში საშუალება, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს. სწორედ მათი მერი ვიქნები და არა მუჭა სამეგობროსა და სადაქალოსი, რომელიც მოაჯდა მთელს რესურსებს ამ ქალაშიც და მთელ ქვეყანაშიც",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დატოვა საპარლამენტო მანდატი. კირკიტაძე ამბობს, რომ რუსთავის მერიის სამსახურებში კადრების დანიშვნა ნათესაური კავშირებით ხდება.

"დღეს ხომ მთავარი თემა არის ის, რომ რუსთავი იცლება. გარბის ხალხი აქედან, იმიტომ რომ ამ ქალაქში არის ნეპოტიზმი, ბიძაშვილობით, მამიდაშვილობით, ნათესაობით დანიშვნები სამსახურებში. მერიაში ვინც კი კეთილსინდისიერი თანამშრომელი იყო და რამეს აკეთებდა ყველა გაუშვეს სამსახურიდან. საკუთარი საახლობლოთი და სადაქალოთი გაივსო, ამიტომ ვერ მიდის წინ ქალაქი.

ჩემთვის ამ არჩევნებზე მოწინააღმდეგე დიახაც არის ნინო ლაცაბიძე, რომელმაც არაერთი ტყუილი იკადრა ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც ის პარლამენტის წევრი იყო და ყველა ამ ტყუილზე ნათლად და დოკუმენტურად მინდა ვესაუბრო რუსთაველებს",- განაცხადა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაზე 4 ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, გირჩი - მეტი თავისუფლებისა და ლელოს რუსთავის მერობის საერთო კანდიდატია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

ოთხმა პარტიამ რუსთავში მერობის გარდა, ვიცე მერობისა და საკრებულოს წევრობის საერთო კანდიდატებიც წარადგინეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები