რუსთაველი ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

2021-08-25 22:23:33

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფოლაადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს ცოტნე აღდგომელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ვ.ზ-ს 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

17 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე საინფორმაციო სააგენტოსთან "ინფო რუსთავთან" 8 თვის წინ მოზარდის მამაც საუბრობდა და აცხადებდა, რომ მისი შვილი განზრახ მოკლეს.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ბრალდებულ ვ.ზ.-ს მიმართ ერთხმად მიღებულ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი.  ვ.ზ. დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება გარდაცვლილი რუსთაველი ბიჭის დედა, ეკა გიგაურიც.

"მადლობა მინდა მოვუხადო ჩემი ბავშვობის მეგობარს, მაკა ბერაძეს, რომელიც ამ რვა თვის განმავლობაში ჩემთან ერთად განიცადა ყველაფერი, რასაც მე განვიცდიდი და ტკიოდა ისე, როგორც მე მტკიოდა და შესაბამის სტრუქტურებთან ყველანაირად დამეხმარა…

მაკა, ამას არასოდეს დაგივიწყებ…

მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ლევან ჯალაღანიას და ქალბატონ მარიკა გოგოხიას, დაუზოგავი შრომისთვის…მინდა გისურვოთ წარმატებები, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს შთაბეჭდილებას იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით…

მადლობა მინდა მოვუხადო ქვემო ქართლის პროკურატურის ყველა თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობის გამოძიების პროცესში… მათ თავდადებით დაამტკიცეს სიმართლე…

მადლობას ვუხდი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყველა თანამშრომელს დაუზოგავი შრომისთვის ….

მადლობა რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ქეთევან ლუაშვილს იმისთვის რომ გამოიტანა განაჩენი ,რომელსაც მე არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა მაქსიმუმს ვითხოვდი… კარგი იქნებოდა საქართველოში შეიცვალოს კანონები და მაქსიმალურად სასტიკად დაისაჯონ მკვლელები რომ მომავალში არ მოკლან სხვისი შვილები… არ გამწარდნენ დედები…

მადლობა ფოლადაანთკარის მოსახლეობას, რომ არაფერი არ გინახავთ და არც გაინტერესებთ… დღეს თუ მე გამამწარეთ ხვალ თქვენი რიგია, იმიტომ რომ საკმარისი ნაძირალები გყავთ სოფელში, რომელსაც თქვენ თვითონვე მფარველობთ… ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ლოთობაში, ნარკომანობაში და მომავალ ჩხუბებში…

ისე რომ იცოდეთ დაუსჯელი არავინ რჩება… კანონს თუ გაექცევით უფლის სამართალს სად გაურბიხართ”, – წერს მოკლული მოზარდის დედა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები