"მომიკლეს 17 წლის ბავშვი" [video]

2020-12-28 00:02:38

ავარიის შედეგად გარდაცვლილი 17 წლის რუსთაველი ახალგაზრდის, ცოტნე აღდგომელაძის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი განზრახ მოკლეს. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" ჯიმშერ აღდგომელაძე უყვება, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომობილი ახალგაზრდას შურისძიების მიზნით შეეჯახა. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.

"ჩხუბი იყო, ვისთანაც მოუვიდა ბიძამისს ჩხუბი, ის დაეჯახა მანქანით. ჩემი ვერსია ისაა, რომ ბავშვი იქ იყო ჩხუბში, დაედევნა ეს და მოკლა", - აცხადებს გარდაცვლილის მამა.

როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128 მუხლით (განსაცდელში მიტოვება) მიმდინარეობს. 

უწყებაში მომხდარზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, 17 წლის რუსთაველი ცოტნე აღდგომელაძე 21 დეკემბერს სოფელ ფოლადაანთკარში გარდაიცვალა. ის მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ახალგაზრდას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები